დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების საკითხების მინისტრის, დემიან ჰაინდსის თქმით, რუსეთი, ჩინეთი და ირანი არის სამი ყველაზე მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მის ქვეყანას. ამის შესახებ მინისტრმა 27 დეკემბერს განუცხადა გაზეთ The Daily Telegraph-ს.
ჰაინდსმა აღნიშნა, რომ აუცილებელია აღდგეს ბრიტანეთის კანონმდებლობა უცხოეთის სადაზვერვო სამსახურების წინააღმდეგობის შესახებ. მისი თქმით, ზოგიერთ საკითხში ნორმები თითქმის 100 წლით მოძველდა.
მანამდე რუსეთი სახიფათო ქვეყნებს შორის დაასახელეს ბრიტანეთის საგარეო-პოლიტიკური დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელმა რიჩარდ მურმა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა. თავდაცვისა და საერთაშორისო სტრატეგიის პირველ მიმოხილვაში, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გამოქვეყნდა, რუსეთს ეწოდება „მთავარი საფრთხე საერთაშორისო დონეზე.“
17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ბრიტანეთის შვიდი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ პასუხად ლონდონის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას მოჰყვა.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს გრუ-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ლონდონი მიიჩნევს, რომ 2018 წელს სკრიპალების და 2020 წელს ნავალნის მოწამვლის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას. მოსკოვი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთს სანქციები დაუწესა ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის გამო.
უკანასკნელ ხანებში რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მწვავდება ინფორმაციის გამო, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.