Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო ასათიანი ინსპექტორის გაუქმების ინიციატივაზე: არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის საქმე რომ არა, კანონპროექტს არ ვიხილავდით


სოფო ასათიანი, "ღია საზოგადოების ფონდის" პროგრამის კოორდინატორი
სოფო ასათიანი, "ღია საზოგადოების ფონდის" პროგრამის კოორდინატორი

„ღია საზოგადოების ფონდის“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი სოფო ასათიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას ამბობს, რომ მაღალი ხარისხის ნდობით მოსარგებლე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი არ აწყობს ხელისუფლებას, რომელიც თვლის, რომ მისი მართვის ცენტრალური ნაწილი საპოლიციო მექანიზმია. გადაცემაში სოფო ასათიანი ამბობს, რომ, მისი აზრით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის გარეშეც, საკანონმდებლო ინიციატივის გაჩენა შესაბამისად მოსალოდნელი იყო:

„მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი თავდაპირველადვე არ მოსწონდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხედავდა საფრთხეს და ცხადია, პოლიტიკური საქმეები, რეზონანსული საქმეები ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემისთვის, რომ შეინარჩუნოს კონტროლი მათზე. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ რომ არა სააკაშვილის საქმე, იგივე კანონპროექტს, თუნდაც აქედან ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილავდით იმიტომ, რომ ინსპექტორი ორიენტირებულია, მაგალითად, აქტივისტების საქმეებზე, რომლებსაც იზოლატორებში ათავსებენ და ეს ადამიანები ხშირად საუბრობენ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე“, - აღნიშნა სოფო ასათიანმა, მისი შეფასებით, მაშინ, როცა ხელისუფლება ავტორიტარიზმს აყალიბებს, აძლიერებს საპოლიციო სისტემას, გაძლიერებული საპოლიციო სისტემა კი ბუნებრივად იწვევს არაადამიანურ მოპყრობას და ასეთ პირობებში დამოუკიდებელი დამკვირვებელი აღარ აწყობს ხელისუფლებას:

„პრევენციას ვერ ახდენ, უბრალოდ იმდენად მასშტაბურია დაკავებები, რომ იქ პრევენცია ძალიან რთულია. და აქ უკვე დამკვირვებლის შემოსვლა, რომელსაც შეუძლია გაასაჯაროოს ფაქტები, რაც შესაძლოა ბუნებრივად ვერ გასაჯაროვდეს, თან მაღალი ხარისხის ნდობით მოსარგებლე ინსტიტუტი, ცხადია არ აწყობს სისტემას, რომელიც თვლის, რომ საპოლიციო მექანიზმია მისი მართვის ცენტრალური ნაწილი. ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ სააკაშვილის საქმის მიუხედავად, [ინიციატივა გაჩნდებოდა]. ისევე, როგორც ისინი გამუდმებით ცდილობენ თავს დაესხან სახალხო დამცველს და ერთადერთი კარგი ალბათ ამ სიტუაციაში ის არის, რომ საკონსტიტუციო ორგანოა, კონსტიტუციური გარანტიები არსებობს და ალბათ დამშვიდების საფუძველი მხოლოდ ეს ერთია, თორემ ნამდვილად ვიფიქრებდი ასევე სპეკულაციურად, რომ შემდგომი უწყება, რომლის წინააღმდეგაც დაიწყებდნენ მსგავს საკანონმდებლო მანიპულაციებს იქნებოდა სახალხო დამცველი“, - განაცხადა სოფო ასათიანმა „დილის საუბრებში“.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

XS
SM
MD
LG