ეს პირველი ახალი წელია, როცა 31 წლის მარტოხელა დედა, მაიკო ბარათაშვილი თავისი ორი შვილისთვის - 14 წლის გიოსთვის და 11 წლის ლექსოსთვის ნამდვილ ახალ წელს მოიყვანს ისე, რომ დახმარებას სხვებს არ სთხოვს - დღესასწაული იქნება, ოღონდ მაიკოს პირველი შემოსავლით.
ერთი თვის წინ, ერთ ღამით, როცა გიო დააძინა, ხელში , ნემსი და ძაფი აიღო ხელში და საახალწლო აქსესუარების შეკერვა გადაწყვიტა. პირველი ნამუშევრები ფეისბუკზე დადო და ასე დაიწყო - მესიჯს მესიჯი მოჰყვა და შეკვეთას შეკვეთა.
14 წელია, რაც მაიკოს ყველა დღე გიოს მოვლით იწყება. ყველა წამი მისია, რადგან გიოს ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს, ბავშვი უსინათლოა და მისი უყურადღებოდ დატოვება გამორიცხულია. რაც ლექსო წამოიზარდა, დედას ისიც ეხმარება, მაგრამ ეს დროც მაიკოს იმისთვის სჭირდება, რომ საჭმელი მოამზადოს ან წამლის საყიდლად გავარდეს. საკუთარი თავისთვის ერთ საათი არასოდეს ჰქონია.
სახელმწიფოს დაფინანსებით კვირაში მხოლოდ ერთი დღე, საღამოს ექვსამდე გიოსთან ძიძა მოდის. ეს ერთი დღე კი ყველაფრისაა, ამ რამდენიმე საათში ყველა გასაკეთებელი საქმე უნდა მოასწროს.
მუშაობის და სოციალური დახმარების გარდა სხვა შემოსავლის ქონის ფუფუნება ამ 14 წლის განმავლობაში არასოდეს ჰქონია. უკვე რვა წელია მარტოხელა დედაა. მაგრამ ახლა უნდა, რომ რაღაც შეცვალოს. ურჩევნია, ნახევრად გათენებული ღამეების ხარჯზე, რამე ისეთი აკეთოს, რაც მასაც ოდნავ სიხარულს მოუტანს, სხვებსაც გაახარებს და მის შვილებსაც აუსრულდებათ არა მხოლოდ საახალწლო სურვილები.
მაიკოს ბრძოლა დაწყებულია და ის არ უნდა გაჩერდეს.