Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერიამ ფრენების გაუქმების გამო ღამით N37 ავტობუსი გააჩერა; ფრენები აღდგა, ავტობუსი - არა


თითქმის წელიწადნახევარია თბილისში ღამის საათებში აღარ მოძრაობს N37 ავტობუსი. ამ ხაზით ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტით ქვეყანაში ჩამომსვლელ და წამსვლელ ადამიანებს 50 თეთრად შეეძლოთ მგზავრობა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პირველად 2020 წლის მარტის ბოლოს გააჩერა, N37 ავტობუსმა ღამით მოძრაობა 22 მარტიდან შეწყვიტა.

სადგურის მოედნიდან აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსი ქალაქის თითქმის ნახევარს გადის. მას გაჩერებები აქვს: აღმაშენებლის გამზირზე, გმირთა მოედანზე, ფილარმონიასთან, რუსთაველის მეტროსთან, ოპერასთან, თავისუფლების მოედანზე, კოლმეურნეობის მოედანთან, 300 არაგველის მეტროსთან, მეტრო სამგორთან (ზედა), კახეთის გზატკეცილზე და ა.შ.

ეს ხაზი 24-საათიან რეჟიმზე მერიამ 2016 წლის ივლისიდან გადაიყვანა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღე-ღამეში რამდენიმე ათას მგზავრს ემსახურება. ავტობუსის ეს ხაზი ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, რომელიც ჩამოსულ და წამსვლელ მგზავრებს თბილისის ცენტრთან აკავშირებდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში თბილისის აეროპორტში 1918 ფრენა შესრულდა და 163 156 მგზავრს მოემსახურა. ფრენებისა და მგზავრების რაოდენობა დღეების მიხედვით განსხვავებულია.

მაგალითად, 1 ნოემბერს აეროპორტში 29 ფრენა შესრულდა, მათგან 16 რეისი 00:05 საათიდან 05:10 საათამდე პერიოდში განხორციელდა. 30 ნოემბერს შესრულებული 33 ფრენიდან კი 9 რეისი 00:20-დან 05:15 საათამდე პერიოდში შედგა.

"ძირითადად რადგან ემსახურებოდა აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს, [პანდემიის დროს მგზავრთა შემცირებული რაოდენობის გამო] მიიღეს გადაწყვეტილება და შეაჩერეს. დღემდე ასე მუშაობს... მერია მუშაობს ამ საკითხზე, აღდგეს თუ არა მუშაობა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.

რეგულარული ფრენები საქართველოში 2021 წლის თებერვლიდან აღდგა.

  • იმის მიუხედავად, რომ ფრენები მთელი დღე-ღამის განმავლობაში სრულდება, სადგურის მოედნიდან გასული პირველი ავტობუსი აეროპორტთან 07:09 საათზე მიდის, ბოლო კი 23:54 საათზე.
  • თბილისში თვითმფრინავით დაბრუნებულ მგზავრს დედაქალაქის ცენტრალური ნაწილისკენ მომავალი ავტობუსი 06:59 საათიდან ემსახურება, ბოლო ავტობუსი კი 22:59 საათზე გამოდის.

თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ამბობენ ზუსტ თარიღს, როდის შეიძლება აღდგეს ღამით მოძრაობა თბილისის აეროპორტისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელ ავტობუსის ხაზზე.

XS
SM
MD
LG