Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში „ომიკრონის“ გავრცელების გამო მკაცრი „ლოქდაუნი“ იქნა შემოღებული


ნიდერლანდში კვირიდან ძალაში შევიდა საყოველთაო "ლოქდაუნი" კორონავირუსის ახალი, ბევრად უფრო სწრაფად გადამდები შტამის, „ომიკრონის“, სწრაფი გავრცელების გამო.

19 დეკემბრიდან ნიდერლანდში დაიკეტება ყველა, გარდა სასურსათო და პირველადი საჭიროების საქონლით მოვაჭრე, მაღაზია, რესტორნები, ბარები და გასართობი დაწესებულებები. სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ სწავლის დისტანციურ ფორმაზე. საერთო-ეროვნული მკაცრი კარანტინი ნიდერლანდში 14 იანვრამდე გასტანს.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან შეხვედრების მხრივაც დაუწესა შეზღუდვები. კერძოდ, ნებადართულია ერთ დღეში მხოლოდ ორი სტუმრის მიღება, საშობაო ღამეს და ახალ წელს შესაძლოა სტუმრების რიცხვი 4-მდე გაიზარდოს. ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებისთვის „გარდაუვალი“ იყო "ომიკრონის" გავრცელების გამო.

ნიდერლანდი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც „ომიკრონის“ გამო საყოველთაო ლოქდაუნი გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვებს ევროპის სხვა ქვეყნებიც ამკაცრებენ. კერძოდ, დანიაში დაიხურება თეატრები, მუზეუმები და გასართობი პარკები, ხოლო ირლანდიაში რესტორნები ღამის 8 საათამდე იმუშავებენ. მკაცრდება ასევე წესები საზღვარგარეთიდან ჩასული სტუმრებისთვის. გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებულია 2 კვირის განმავლობაში დარჩეს კარანტინში.

სწორედ ბრიტანეთში გამოვლინდა „ომიკრონით“ დაავადებული ყველაზე მეტი ადამიანი: ახალი შტამი იქ აღმოაჩნდა 20 000-ზე მეტ ადამიანს. ამასთან, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში „ომიკრონით“ დაინფიცირებული გაცილებით უფრო მეტი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG