Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „უარი ვთქვით რუსეთთან ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ოკუპაციის პრობლემაზე.

„ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთთან გაუაზრებელი და ავანტიურისტული პოლიტიკის წარმოებაზე უარი თქვა და ჩვენს შორის არსებული მთავარი პრობლემის – ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხისა და დეოკუპაციის მოგვარების ერთადერთ გზად მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც საერთაშორისო დიალოგის ფორმატების გავლით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ისე დაუახლოვდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, როგორც არასდროს:

„დიდი პატივი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა ევროპასთან უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც წინ უძღოდა ჩემი პირველი პრემიერობის დროს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაკისრი ყველა ვალდებულების წარმატებით შესრულება“.

18 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ეს მისი პირველი ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაა.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ დაასახელა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში სპეცოპერაციის დაწყების სურვილი. მელია ღარიბაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე საათში საპოლიციო ძალების გამოყენებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG