Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ვეღარ ითამაშებს აზარტულ თამაშებს - შეზღუდვების სია


პრემიერის დაანონსებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შეზღუდვაზე უკვე პარლამენტშია. დოკუმენტი კანონად ქცევის შემთხვევაში რამდენიმე ასეულ ათასს ადამიანს აზარტული თამაშებით გართობას აუკრძალავს. კანონით შესაძლებელი გახდება, მშობელს, შვილს ოჯახის სხვა წევრმა თამაშის უფლება აუკრძალოს.

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული აზარტული თამაშების შემზღუდავი კანონპროექტის განხილვა. კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში, არა მხოლოდ თამაშზე დამოკიდებულ პირებს აუკრძალავს გართობას, არამედ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებსაც, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ იყვნენ მასზე დამოკიდებული.

კანონპროექტის ავტორების გამოთვლებით, დაწესებული შეზღუდვებით მილიონ ადამიანს აეკრძალება თამაში. შეზღუდვა არ ეხება ე.წ. წამახალისებელ გათამაშებებს.

კანონპროექტის ინიციატორებად "ქართული ოცნების" დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია არიან მითითებული.

ახალი შეზღუდვები არ ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ვინ ვეღარ ითამაშებს?

კანონპროექტის მიხედვით, თამაში აეკრძალება "თამაშზე დამოკიდებულ პირებს" და "აკრძალულ პირებს".

ვინ არიან "აკრძალული პირები"?

კანონპროექტით, აზარტული თამაშებით გართობა აეკრძალება ყველა იმ ადამიანს, ვინც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათ შორის: სახელმწიფო მოსამსახურეებს, საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ა.შ.

გარდა ამისა, თამაში აკრძალული იქნება მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებული ადამიანებისთვის. ასევე, სოციალური დახმარების მიმღები პირებისთვის.

კანონპროექტითვე, ყველა სახის აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში ჩართვა შეეძლება არა 18 წლის, არამედ 25 წელს მიღწეულ პირებს. შეზღუდვა არ ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

ვინ განიხილება "თამაშზე დამოკიდებულ პირად"?

კანონპროექტის მიხედვით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელთა მონაცემებიც "დამოკიდებულ პირთა სიაში" იქნება შეყვანილი.

ამ სიაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მოხვედრა.

როგორ ხდება "დამოკიდებულ პირთა სიაში" პირის მონაცემების შეტანა?

დამოკიდებულ პირთა სიაში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს: თავად ამ პირის განაცხადი ან სასამართლო ბრძანება. განაცხადის წარდგენა საქართველოს მოქალაქეს ფინანსთა სამინისტროში შეუძლია. სასამართლო კი ამ სიაში შეყვანის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით იღებს.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეყვანა ხდება 5 წლის ვადით.

ამ სიიდან მოქალაქის ამოშლა სასამართლოს ბრძანებით ხდება, თუმცა აუცილებელია ამისთვის გასული იყოს შეყვანიდან მინიმუმ 3 წელი.

ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს "დამოკიდებულ პირთა სიაში" პირის შესაყვანად?

მოთამაშის დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია მიმართოს ამ პირის ოჯახის წევრმა - მშობელმა, მეუღლემ, შვილმა ან მასთან მუდმივად მცხოვრებმა პირმა. ამ მიმართვის დროს მათ არ მოუწევთ რაიმე თანხის გადახდა.

წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებს მოთხოვნას.

მოსამართლე, განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს მას და გამოსცემს ბრძანებას პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის შესახებ, ან ბრძანებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლო ვალდებულია, იმ პირს, რომლის "დამოკიდებულ პირთა ბაზაში" შეყვანაზეც არის საუბარი, აცნობოს ამ საქმის განხილვის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოისმინოს მისი პასუხები.

მოსამართლის მიღებული ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, ბრძანების გამოცხადებიდან ან მხარისთვის მისი გადაცემიდან 3 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში.

ეს აკრძალვები, მიღების შემთხვევაში, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

XS
SM
MD
LG