Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას გუნდის ინიციატივაა საკრებულოების თავმჯდომარეები ღია კენჭისყრით აირჩეს


პარტიას "საქართველოსთვის", გიორგი გახარიას გუნდს, საკანონმდებლო ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მუნიციპალიტეტების საკრებულოები მიიღებენ, ღია კენჭისყრაზე უნდა დადგეს. ამ პარტიის წევრი პარლამენტარი ანი ბუჩუკური ამბობს, რომ ღია კენჭისყრაზე უნდა დადგეს თანამდებობის პირთა გადაყენებისა თუ უნდობლობის საკითხიც. ამ საკითხზე მან პარლამენტში დღეს, 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს "ოცნების" უკანონობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისიერების და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, თანამდებობიდან გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადებას", - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამ კანონპროექტის ინიცირებაზე საუბრის დროს მან თქვა, რომ სახელისუფლებო პარტია ცდილობს ზეწოლით შეცვალოს ის მოცემულობა, რომელიც არჩევნების შედეგად დადგა.

"სამწუხაროდ, "ოცნება" აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით, შანტაჟით და მუქარით მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში..." - თქვა დეპუტატმა.

ის მოითხოვს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილოს პარლამენტმა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებით საქართველოს ზოგიერთ საკრებულოში ოპოზიციამ გაიმარჯვა, "ქართული ოცნება" კი დამარცხდა. ამის მიუხედავად, 27-წევრიან ჩხოროწყუს საკრებულოში, სადაც 15 წევრი ოპოზიციას ჰყავდა, 12 კი "ქართულ ოცნებას", სახელისუფლებო კანდიდატმა ოპოზიციის ხმებიც მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფარულ კენჭისყრაზე "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ ხმა უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამაც მისცა. მან 13 ხმა მოაგროვა, ასარჩევად კი 14 ხმა იყო საჭირო.

XS
SM
MD
LG