სახელმწიფო ინსპექტორის 7 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეოჩანაწერის წაშლა.
როგორც ინსპექტორის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, უწყებებს ამ მოთხოვნის შესრულებისთვის სამდღიანი ვადა მისცეს. ინსპექტორის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა, საწინააღმდეგო მოსაზრების ქონის შემთხვევაში ვადის ამოწურვის შემდეგ პენიტენციურ სამსახურს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. დათქმული ვადა დღეს, 10 დეკემბრის დღის ბოლოს ამოიწურება.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ამბობენ, რომ აქამდე სასამართლოსთვის მიმართვის პრაქტიკა არც ერთ უწყებას არ გამოუყენებია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს დაასრულა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა და დაასკვნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანიმობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრათ ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
იუსტიციის სამინისტრო ინსპექტორმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით, 500 ლარით დააჯარიმა. პენიტენციური სამსახური კი - 2000 ლარით, კანონის განმეორებით დარღვევისთვის.
„ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუკის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა“.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის, ფეისბუკის გვერდზე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას 7 დეკემბერსვე გამოეხმაურა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით და ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის, 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.