Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის მიერ ზამთრის ოლიმპიადის „დიპლომატიურ ბოიკოტს“ ჩინეთმა „სერიოზული შეურაცხყოფა“ უწოდა


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ძლიერი უკმაყოფილება და მტკიცე პროტესტი“ გამოხატა პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადის „დიპლომატიური ბოიკოტის“ თაობაზე ვაშინგტონის მიერ 6 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც ნიშნავს, რომ ოლიმპიადას არ დაესწრებიან აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები.

„აშშ-ის ქმედება სერიოზულად არღვევს ფიზკულტურისა და სპორტის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ ოლიმპიური ქარტიის მიერ დადგენილ პრინციპებს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებაში, რომელშიც ვაშინგტონის ნაბიჯი „1,4 მილიარდიანი ჩინეთის სერიოზული შეურაცხყოფად“ არის შეფასებული.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადის ასპარეზობებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში განხორციელებული გენოციდისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ თუ ოფიციალურ დელეგაციებს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადასა და 2022 წლის პარალიმპიადაზე“, - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.

ბოიკოტის მიზეზად ვაშინგტონი სინძიანის პროვინციაში უიღურების დევნის გარდა, ტიბეტსა და ჰონკონგში პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფას მიიჩნევს.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.

აშშ-მა სრული ბოიკოტი უკანასკნელად 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG