გამომცემლობა „დიოგენეს” მიერ გამოცემულმა ისტორიის სახელმძღვანელომაც და „ლოგოს პრესის“ სახელმძღვანელომაც გრიფირება 2021 წლის ივნისში მიიღო. ჩანაწერები ვარდების რევოლუციის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შესახებ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
სახელმძღვანელოებში პარტია „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენად, მეცენატად და ქველმოქმედად არის მოხსენიებული.
სასკოლო სწავლებიდან წიგნების ამოღების მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობას იწყებს ელენე ხოშტარიას პარტია „დროა”. განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ სახელმძღვანელოებში „პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად“.
რა წერია სადავო სახელმძღვანელოებში
„დიოგენეს” გამოცემა - ისტორია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო
„დიოგენეს“ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ 2000-იანი წლების შემდეგ საქართველოში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სწორედ ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები.
„მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა“, – წერია წიგნის 410-ე გვერდზე.
სახელმძღვანელოში ასევე საუბარია ვარდების რევოლუციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
„2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობები შეაფერხა. იყო გადაცდომებიც - კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით მოხდა რამდენიმე მკვლელობა, თუმცა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან. გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, სასამართლოში საქმეების 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს, ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ციხეებში განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა“, – ვკითხულობთ სახელმძღვანელოს 399-ე და მე-400 გვერდებზე.
ერგნეთის ბაზრობა, როგორც წარმატებული თანაცხოვრების მაგალითი ეთნიკურად ქართველებსა და ეთნიკურად ოსებს შორის, ამ წიგნის 392-ე გვერდზეც გვხვდება. მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ იმ დადებით შედეგებზე, რომლებიც ამ ბაზრობას ჰქონდა და ასევე იმაზე, უწყობს თუ არა ხელს ეკონომიკური ურთიერთობები კონფლიქტების მოგვარებას.
ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მთავარი ცენტრი და ქართული ეკონომიკის შავი ხვრელი იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლის ზაფხულის დასაწყისში დახურა. ბაზრობის დახურვას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკმაყოფილებით შეხვდა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ ერგნეთის ბაზარს აღადგენდა, მხოლოდ „კანონიერების ფარგლებში”, - ივანიშვილმა მაშინ თქვა, რომ ბაზრობის აღდგენა შეიძლება იყოს ნდობის აღდგენის დასაწყისი. ბაზრობის დახურვას კი წინა ხელისუფლების „მთავარი შეცდომა“ უწოდა.
განსაკუთრებით სადავოა სახელმძღვანელოს ნაწილი 2008 წლის ომის შესახებ. აქ ავტორები იმეორებენ რუსულ პროპაგანდისტულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ საომარი ოპერაციები საქართველომ ოსი სეპარატისტების თავდასხმების პასუხად დაიწყო, რუსულმა ჯარმა კი საქართველოს საზღვარი 8-10 აგვისტოს გადმოლახა. ომის დაწყების ამ ვერსიას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს ავრცელებდა. რეალურად კი, რუსული ჯარი საქართველოში იყო 7 აგვისტოს, მაშინ, როცა პრეზიდენტმა საკაშვილმა საომარი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში ჯარების შეყვანა არა ოსი სეპარატისტებისადმი, არამედ რუსული სამხედრო ინტერვენციისადმი პასუხი იყო.
სახელმძღვანელოების ავტორები ბავშვებს ეკითხებიან, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა - კითხვა გამორიცხავს რუსული ჯარის არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე ომის დაწყების მომენტისთვის და ასევე იმეორებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნარატივს ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო.
ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელიც ფეისბუკზე გამოეხმაურა სახელმძღვანელოების თემას, თვლის, რომ აგვისტოს ომზე ძალიან საკამათო ნარატივია გატარებული და ის ტალიავინის დასკვნის მიხედვით არის აგებული.
„მე მაინტერესებს, ამ ნარატივს იზიარებს ქართული სახელმწიფო ან უნდა იზიარებდეს? თხრობის მიხედვით, ოსი სეპარატისტები ესროდნენ ქართულ სოფლებს, მიშამ შეიყვანა ჯარები და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ რუსები. როგორც ისტორიკოსი არა, როგორც მოქალაქე ვკითხულობ, ეს პოზიცია აქვს ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე?” - კითხულობს ისტორიკოსი. ის მიიჩნევს, რომ წიგნში მიზანმიმართულად არის არასრულად გადმოცემული ვარდების რევოლუციის შედეგები და გამოტოვებულია სოციალური და ეკონომიკური მიღწევები.
ისტორიკოსი „მელკ ჟულიკობას” უწოდებს იმ ფაქტს, რომ ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ თავში, სააკაშვილის მმართველობის დახასიათების შემდეგ ავტორებს მოყვანილი აქვთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ქალის, რიტა სააკიანის ინტერვიუ. [მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები, განსაკუთრებით მისი მმართველობის ადრეულ წლებში, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას მისი სომხური წარმოშობის შესახებ.]
„ლოგოს პრესის” გამოცემა - საქართველოს და მსოფლიოს ისტორია, მე-9 კლასის სახელმძღვანელო
გამომცემლობა „ლოგოს პრესის“ მიერ შედგენილ სახელმძღვანელოში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ტექსტი ნეიტრალურია და დაცლილია რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ელემენტებისგან..
აქ ომზე საუბრისას ნახსენებია რიგი წინაპირობები, მათ შორის ის, რომ 2008 წლის 3 აპრილს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრები, რამაც რუსეთის ფედერაცია გააღიზიანა. ნათქვამია ისიც, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაასრულა რუსეთმა სამხედრო წვრთნები ჩრდილო კავკასიაში და ისიც, რომ რუსული ჯარები 7 აგვისტოს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
„ომის დასრულების შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (იმავე „სტრასბურგის სასამართლოში“) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. ესენია: სიცოცხლის უფლება; წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება; ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება; საკუთრების დაცვის უფლება; განათლების უფლება და გადაადგილების თავისუფლება.
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა, რომლითაც რუსეთის ფედერაციას ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დააკისრა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს 349-ე გვერდზე. არცერთ სახელმძღვანელოში საუბარი არ არის ომის შემდგომ ბორდერიზაციასა და მცოცავ ოკუპაციაზე.
აგვისტოს ომის შემდეგ მოდის თავი „საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია“, სადაც საუბარია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პირველ პრეცედენტზე. აქვე მოცემულია ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია და ამონარიდები 2021 წელს პარლამენტში ივანიშვილის მიერ წარდგენილი მთავრობის სამოქმედო გეგმიდან, სადაც ის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობს.
„ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმენი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსი. 1988 წელს დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა, 1990 წელს დააარსა ბანკი "როსიისკი კრედიტი". 1995 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი "ქართუ". 1996 წელს დააფუძნა "ქართუ ბანკი". პოლიტიკაში მოსვლამდე აფინანსებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენაის პროექტებს და ფინანსურად ეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს. 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერმინისტრი. 2012 წელს ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომლის ლიდერი იყო 2021 წლამდე“, – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
უახლესი ისტორიის ორივე სახელმძღვანელო გვერდს უვლის ისეთ საკვანძო მოვლენას, როგორიც არის, მაგალითად, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა. ნახსენები არ არის არც მთავრობის ხელმძღვანელების ცვლილებები. ეს ფაქტორი იმით აიხსნება, რომ მიმდინარე მოვლენებს სახელმძღვანელო არ ფარავს და ის 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებასთან სვამს წერტილს.
განათლების სამინიტროში ამბობენ, რომ ისტორიული პროცესები ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.
„ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მმართველობაში მოვიდა "ქართული ოცნება".
სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია საუბარი იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა "ასოცირების შესახებ შეთანხმებამ"”, - ამბობენ განათლების სამინისტროში. სახელმძღვანელოებში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც სრულად მოქმედი ხელისუფლების დამსახურებად არის მიჩნეული იმის მიუხედავად, რომ მყარი ნიადაგი ამ შეთანხმებას წლების წინ ჩაეყარა.
განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სრულად გამორიცხავს სამინისტროს მხრიდან სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ჩარევას ან ავტორებზე ზეწოლას სასურველი ტექსტების შესაქმნელად და ამბობს, რომ ახალი სახელმძღვანელოები ბევრად უკეთესია წინა გამოცემებზე. თითოეულ სახელმძღვანელოს გრიფი მიანიჭა ექსპერტების ჯგუფმა, რომლის წევრთა ვინაობაც არ საჯაროვდება. ვიცით მხოლოდ ის, რომ მასში შედიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, საგნის მასწავლებლები, ფსიქოლოგი, კონსტიტუციონალისტი და სპეციალისტები, რომლებიც ეთიკურ საკითხებზე მუშაობენ.
„ყველა წინა გრიფირებულ სახელმძღვანელოშიც იყო მიმდინარე ამბები, არათუ 10 წლის წინანდელი ამბები. სახელმძღვანელოების ავტორები სახელმძღვანელოების შედგენისას ეყრდნობიან საგნობრივ სტანდარტს. სანამ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდებოდა, მხოლოდ 9 კლასსი იყო მთელი საქართველოს ისტორია, ახალი სტანდარტით საქართველოს ისტორია ნაწილდება 7-9 კლასებზე და ის ისწავლება მსოფლიო ისტორიასთან კავშირში. რომელ საკითხებს შეარჩევს ავტორი, ეს მისი გადასაწყვეტია - მითითება არის მხოლოდ იმაზე, რომ არ გამოტოვონ მნიშვნელოვანი მოვლენები და მომენტები”, - ამბობს მარიამ ჩიქობავა. ის თვლის, რომ ორივე წიგნში სათანადოდ არის ასახული საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ და სურვილი, იყოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.
საქართველოს ისტორიას მსოფლიო ისტორიის კონტექსტში სწორად მიიჩნევენ ისტორიკოსები და თვლიან, რომ სამინისტრომ ეს მიდგომა აღარ უნდა შეცვალოს, თუმცა ცალკეული ეპოქების აღწერისას ავტორებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ იმ ეპოქის სპეციალიტებთან შეცდომებისგან თავის დასაზღვევად;
არსებული, გრიფირებული სახელმძღვანელოების სკოლებიდან ამოღებას ითხოვენ აქტივისტები და პოლიტიკური პარტია „დროა“ - იმის გამო, რომ მეცხრე კლასის სხვა სახელმძღვანელო არ არსებობს, ეს რთულად წარმოუდგენიათ განათლების სამინისტროში.
დავა სახელმძღვანელოების შინაარსზე - პოლიტიკური განზომილება
„ძალიან სწორად არის შეყვანილი. რა, არ უნდა იყოს? დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად ექნება, დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან. თუ ამ ისტორიის წიგნში რაიმე არის არასწორი და არ ასახავს რეალობას, არის ის, რომ ამ ისტორიის სახელმძღვანელოში მიხეილ სააკაშვილის ის "საგმირო საქმეები" არ არის ასახული, რაც მან ჩაიდინა და რისთვისაც არის მსჯავრდადებული და რაზეც მიმდინარეობს არაერთი საქმე“, - თქვა დღეს დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა, როცა მას ისტორიის სახელმძღვანელოზე სთხოვეს აზრის გამოთქმა ჟურნალისტებმა.
მამუკა მდინარაძემ კი, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, მედია დაადანაშაულა სიცრუეში.
„შეგიძლიათ, წაიკითხოთ სიტყვასიტყვით და რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად, რუსულად, თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი აბრალებენ ომის დაწყებას საქართველოს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას“, – თქვა მან და ივარაუდა, რომ „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, მათგან განსხვავებით ნამდვილად დაუქვემდებარებდნენ ცენზურას სახელმძღვანელოებს.
„მე არ ვიცი, რა ეწყინათ მათ, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მეცენატად იქნა მოხსენიებული, თუ ქველმოქმედად, რომელი არ არის მართალი, აქვე შეგიძლიათ, მიპასუხოთ. მეცენატი არ არის და არ იყო, თუ ქველმოქმედი არ იყო, თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?” - კითხულობს დეპუტატი.
„ვერ ისწავლეს მმართველებმა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას ჩაწერენ ისინი ისტორიის სახელმძღვანელოში საკუთარი მმართველობის დროს. ეს არ არის ისტორიაში დარჩენის გზა.
მგონი ამ შიშით იხელმძღვანელა ბნ. ივანიშვილის ყმათა რეჟიმმა, როდესაც ამ სახელმძღვანელოს ადგენდა. ყმათა რეჟიმს იმიტომ ვამბობ, რომ დანამდვილებული ინფორმაცია მაქვს, განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოს ამ ნაწილის შექმნაში უხეშად ერეოდა. სახელმძღვანელოს არ აქვს პროპაგანდისტული ფორმა, მაგრამ ეშმაკი რომ დეტალებში იმალება, აქაც არაერთი "მელკი ჟულიკობაა" შესამჩნევი”, - ამბობს ისტორიკოსი ბექა კობახიძე.