"პროკურორის აცილების შუამდგომლობა ჩვენი მხრიდან მოტივირებულია იმით, რომ პროკურორი [ გიორგი მუჯირი] არ არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი. პროკურორებმა ამ სხდომაზეც აღიარეს, რომ ყალბი პროპაგანდის გამჟღერებლები არიან, მათ შორის სასამართლოშიც", - თქვა სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
"სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ ის 9 მილიონი ლარი აანაზღაუროთ", - თქვა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
"მაშინ პროკურატურაში მუშაობდით? გქონდათ რაიმე პროტესტი?" - ასე უპასუხა ბრალდების რეპლიკას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მოსამართლე ისმენს მხარეების პოლემიკას პროკურორის აცილების შესახებ.
"დაცვის მხარეს უნდა საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ მხოლოდ პიჯაკებსა და თაიგულშია საქმე. მაგრამ სინამდვილეში ამ 9 მილიონ ლარში ბევრია ფუფუნების საგნები, რასაც მიხეილ სააკაშვილი მოიხმარდა პირადი მიზნებით.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რისთვის სამართლდება მიხეილ სააკაშვილი. პიჯაკები რეალურად არის 0.5 % იმ დანახარჯების, რაც ამ საქმეში არსებობს" - თქვა მისი აცილების შუამდგომლობის პასუხად პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
პროკურორები გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობას "სრულ სამართლებრივ აბსურდს" უწოდებენ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, გიორგი მუჯირმა "იმედის" ეთერში მხოლოდ ფაქტების შესახებ ისაუბრა და პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია.
პროცესის მოსამართლემ იკითხა, ხომ არ აქვთ აცილების სურვილი მოსამართლის მიმართ. ადვოკატებმა თქვეს, რომ - არა. სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დააყენა აცილების მოთხოვნა პროკურორის, გიორგი მუჯირის მიმართ, რადგან მან, გვარამიას განცხადებით, გუშინ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
"2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, "- ესაა სააკაშვილის დაცვის პოზიციით სადაო განცხადება, რომელიც პროკურორმა გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გააკეთა.
პროკურორმა გიორგი მუჯირმა 1 დეკემბერს, "იმედის" ეთერში თქვა, რომ ორთაჭალაში მომხდარი წყალდიდობის მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა და კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტარა. „როდესაც ორთაჭალაში წყალდიდობა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, მომდევნო დღეს ის მიდის საზღვარგარეთ და იღებს იმ ფუფუნების საგნებსა თუ მომსახურებას, რაც ამ 9 მილიონ ლარში მრავლადაა“, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.