თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. სასამართლო განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული.
ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც სხდომაზე დაუშვეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხია. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ არ აღიარებს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას და სასამართლოში იმყოფება იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი იყოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დილის 11 საათიდან შეიკრიბნენ სააკაშვილის მხარდამჭერები. მოგვიანებით მათ სასამართლოს მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს: "ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით". შსს-ში აცხადებენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით იმყოფებიან პოლიციელები. მობილიზებულია საპოლიციო ტექნიკაც.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.