Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა ძიმისტარაშვილი: ლევან მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის პირველი გულშემატკივარია


თეა ძიმისტარაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი
თეა ძიმისტარაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, თავად მოისურვა გამოეთქვა მოსაზრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით.

„ძალიან გთხოვთ, ჩემი მოსაზრება უნდა დავაფიქსირო ბატონ ლევანთან [მურუსიძე] მიმართებაში... ანუ ბატონ ლევანს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის არის შრომისმოყვარე, კომპეტენტური ადამიანი, ჩემი თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ის არის სასამართლო სისტემის დამოუკიდევლობის პირველი გულშემატკივარი...

იმ აზრის მუსირება, რაც ხდება მის წინააღმდეგ, მე თუ მკითხავთ, მის ცხოვრებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს და სცილდება მის საჯარო საქმიანობას“, - განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, თეა ძიმისტარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 26 ნოემბერს გამართული მოსმენის ფარგლებში.

მოსამართლეთა რეიტინგების შესაძლო გაზომვასთან დაკავშირებული შეკითხვის კონტექსტში, ლევან მურუსიძე საკომიტეტო მოსმენაზე მოიხსენია „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა.

მოსამართლე ძიმისტარაშვილმა მას შეკითხვის ბოლომდე ჩამოყალიბების საშუალება მანამდე არ მისცა მანამდე, ვიდრე თავად არ გამოთქვამდა მოსაზრებას ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლეთა რეიტინგების გაზომვა საზიანო იქნება სასამართლოს მიმართ ნდობისთვის.

ლევან მურუსიძეს არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტების ერთი ნაწილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხშირად გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მოიხსენიებენ. თავად მურუსიძე საკუთარ თავს სასამართლოს ლიდერს უწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებსაც სხვადასხვა დროს მოუსმინეს პარლამენტში, კატეგორიულად უარყოფენ „კლანის “ არსებობას სასამართლო სისტემაში.

ტერმინი "კლანი" არაერთხელ არის ნახსენები, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის მარტის ანგარიშში.

თეა ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ხალხს ნდობა აქვს, მაგრამ მცდარი აღქმებია ჩამოყალიბებული და ეს დიდწილად არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის შედეგია.

თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 15 ნოემბერს წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი პარლამენტის კომიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არ არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატი და არც დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა „დაპაუზდეს“ სასამართლო რეფორმის შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე.

საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი, მათ შორის - სასამართლოს მიმართ სანდოობის თვალსაზრისით, დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც ლაპარაკია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ძალისხმევით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში.

„შარლ მიშელის შეთანხმებას“ 28 ივლისს ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.

XS
SM
MD
LG