Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ მეოთხე სარჩელი შეიტანა პოკროვის კოლონიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ


პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვში მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს, რიგით მეოთხე სარჩელი შეიტანა კოლონიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

სასარჩელო მიმართვა პუშკინის რაიონულ სასამართლოში 18 ნოემბერს არის დარეგისტრირებული, ხოლო ნავალნის სარჩელის განხილვა 9 დეკემბერს არის დანიშნული. როგორც „ნოვაია გაზეტას“ აცნობა ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა, ოპოზიციონერი ითხოვს, რომ უკანონოდ ჩაითვალოს გამოსასწორებელი კოლონიის კომისიის დასკვნა. იგი ითვალისწინებს ნავალნის აღრიცხვაზე აყვანას, როგორც პირისა, რომელიც „ექსტრემისტულ იდეოლოგიას ქადაგებს და მიდრეკილია ტერორისტული ხასიათისა და ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულისკენ“.

11 ოქტომბერს ნავალნიმ გაავრცელა ცნობა, რომ კოლონიაში იგი მოხსნეს აღრიცხვიდან, როგორც გაქცევისკენ მიდრეკილი პირი და დააყენეს ახალ აღრიცხვაზე, როგორც ექსტრემიზმისა და ტერორიზმისკენ მიდრეკილი. უცნობია, თუ რა საფუძველზე მოხდა ეს. უფრო ადრე, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციები სასამართლომ ცნო „ექსტრემისტულად“, ხოლო რუსეთში მათი საქმიანობა აიკრძალა.

ნავალნი მიმდინარე წლის დასაწყისიდან არის კოლონიაში. ის იქ მოათავსეს მას შემდეგ, რაც ის რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მოწამვლის შემდეგ. ნავალნის 2023 წლის შემოდგომაზე უწევს პატიმრობიდან განთავისუფლება. მაგრამ მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.

20 ოქტომბერს ალექსეი ნავალნის, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი პრიზი, სახაროვის პრემია, მიენიჭა.

XS
SM
MD
LG