Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალოიანი: „ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს


„როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან“, - ასე ეხმაურება რეანიმატოლოგი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი საქართველოში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

როგორც მან 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების მაღალი რიცხვი არ შემცირდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეწყვეტს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვის პროცესში.

„სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში. ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ. ეს დინამიკა არ შეწყდება. არ შემცირდება არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით“.

ვახტანგ კალოიანი იმ რამდენიმე ნაბიჯს ჩამოთვლის, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების დასარეგულირებლად უნდა გადაიდგას:

„პირველი, ეს არის ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია. მეორე, ეს არის სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიოლოგიურად ძალიან მაღალ რისკ-ჯგუფებში, მობილური ჯგუფების მობილიზება და ვაქცინების მიტანა მაქსიმალურად ახლოს მოქალაქეებთან და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია. „ქართული ოცნების" პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული, აგრესიული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით და უამრავი ინფიცირებულით“.

რეანიმატოლოგის თქმით, საავადმყოფოები გადატვირთვის ზღვარზეა:

„ჯერჯერობით, ადგილები არის, თუმცა, ეს არის დატვირთვის ზღვარზე, რაც ზრდის შეცდომებს, შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებს და პაციენტების მართვაში პრობლემებს. ჩვენ თითქმის 100%-იან დატვირთვაზე ვმუშაობთ მაშინ, როდესაც 75%-ზე მეტი დატვირთვა ჰოსპიტალში ითვლება მაღალი რისკის შემცველად. სამწუხაროდ, ამას ხელისუფლება არ ითვალისწინებს“.

გლობალური კოვიდ-სტატისტიკის პორტალის ourworldindata-ს 22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 24,69%. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, საქართველოში მინიმუმამდეა დასული ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი.

წლის ბოლოსთვის, ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრის ნაცვლად, ახლა ქვეყანას ზრდასრული მოსახლეობის, ანუ 16-წელს ზევით მოსახლეობის, მხოლოდ 34,5% ჰყავს სრულად აცრილი. ამ მაჩვენებელს ვაქცინაციის დაწყებიდან 8 თვეში მივაღწიეთ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 3 707 აცრა ჩატარდა. მათ შორის უმრავლესობა, მეორე დოზაა.

ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით არის ასეთი: „ამ მიმართულებით ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო“.

ეს განცხადება პრემიერმა 23 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

მიუხედავად ვაქცინაციის სავალალო მაჩვენებლებისა, პრემიერი ღარიბაშვილი იმასაც თვლის, რომ ხელისუფლებას არც ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის წარმოება დაუგვიანია და მთავრობამ „ძალიან აქტიური და აგრესიული კამპანიაც ჩაატარა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ცნობილი ფრაზა ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც:

„ვთქვი და უნდა გავიმეორო - იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს იქნება ნებაყოფლობითი. ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ".

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ნახსენებ „არჩევანის უფლებას“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მეხუთე მუხლი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამავე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია, სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას.

კანონის მეხუთე მუხლის თანახმადვე, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ით გარდაიცვალა კიდევ 64 ადამიანი და გარდაცვლილთა რიცხვმა 11 679-ს მიაღწია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 26 588 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 3201 შემთხვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სრული ვაქცინაციის დროს, ინფიცირების რისკი მცირდება 9,3-ჯერ. ჰოსპიტალიზაციის რისკი 23-ჯერ. სიკვდილის რისკი 25-30-ჯერ.

XS
SM
MD
LG