კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაციის კამპანიის მიმართ საკუთარი მიდგომა დაასახელა პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო.
„თუ ვნახავთ რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ, ის, რომ ყველა ქვეყანაში ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში. ამირან გამყრელიძეს და მთავრობას ნუ დააბრალებთ ამ საკითხს, ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არჩევანი შეგვეთავაზებინა.
ჩემი განწყობა არის ის, რომ აქ ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო, ჩვენს მოსახლეობასთან ჩემი პოლიტიკა ასეთი იყო. როცა მოვედი პრემიერად, არც ვაქცინები გვქონდა და რთული ვითარება იყო. რეგულაციებიც მაშინ მოვხსენით, ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება იყო, რათა ეკონომიკისთვის ხელი არ შეგვეშალა. ჩვენ 5 მილიონამდე ვაქცინა ჩამოვიტანეთ. დღეის მდგომარეობით, ყველა სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, არ დაგვიანდა, ძალიან აქტიური და აგრესიული კამპანიაც ჩაატარა მთავრობამ. თითქმის ყოველდღიურად ჩვენ ამ კამპანიაში ჩართულები ვიყავით. მე პირადადაც ჩართული ვიყავი და პირადი მაგალითი მივეცი, ჩემმა ოჯახის წევრებმაც მისცეს პირადი მაგალითი ჩვენს მოსახლეობას. ბევრი ცნობადი სახეც ჩავრთეთ ამ პროცესში. ავედით რაღაც ზღვრამდე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, მან მისცა დავალება, რომ როგორც პოლიტიკური კამპანია იწარმოებოდა, ასეთ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის კამპანია.
„იძულებით ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მე ეს ერთმნიშვნელოვნად ვთქვი და უნდა გავიმეორო - იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს იქნება ნებაყოფლობითი. ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ", - დაამატა მთავრობის მეთაურმა.
23 ნოემბრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 62 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 11 600-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანახმად, 23 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 107 467 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 114 749 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 39.2 %; სრულად ვაქცინირებულია 982 714 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.4%. 22 ნოემბერს აიცრა 9 594 ადამიანი.