საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. თუმცა დღეს, 22 ნოემბერს, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ამ მიზეზით ექსპრეზიდენტს "თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის შესაძლებლობა" უნდა მიეცეს.
"არ შეიძლება ჯანმრთელობის აღდგენა მოხდეს, თუნდაც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე, მორალურ მხარეზე.
ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება... ნორმალურ ქვეყნაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება", - თქვა საძაგლიშვილმა.
სააკაშვილის გათავისუფლებაზე ისაუბრა მისმა დედამ, გიული ალასანიამაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის ეპიზოდზე პატიმრობა მიუსაჯა, ქვეყანაში სექტემბრის ბოლო დღეებში დაბრუნდა. ის პოლიციამ თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავა და რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილმა, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით, დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები, ადვოკატები და რიგითი მოქალაქეები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლება ამბობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანდნენ გლდანის სამედიცინო პენიტენციურ დასებულებაში. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს და ის გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოათავსა. 50-დღიანი შიმშილობისა და ხელისუფლების ხანგრძლივი უარის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს.