Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილის გამოჯანმრთელება რთულად წარმოუდგენია მისი თავისუფლების გარეშე


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა, კლინიკაში არსებულ პირობებს გაუსვა ხაზი და იმავდროულად აღნიშნა, რომ რთულად წარმოუდგენია სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია არსებულ პირობებში.

„ვნახე, რომ ის სუსტადაა და მრავალ სიმპტომს განიცდის და ალბათ, სამწუხაროდ დიდი დრო დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად. ეს უნდა იყოს განხილული, უნდა გაკეთდეს, ვინაიდან რთულად წარმომიდგენია მკურნალობა და რეაბილიტაცია, თუ ის თავისუფალი არ იქნება. დიახ, ამ ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები - ეს შემიძლია დავადასტურო, მაგრამ აქ არის ერთი ოთახი, ჰგავს ციხეს, ნორმალურად ფანჯარასაც ვერ გააღებ, ეს მოქმედებს. მან ამ დღეების განმავლობაში უკვე დაკარგა ჯანმრთელობა და დიდი დრო დასჭირდება მის აღდგენას“,- უთხრა ისკომ ჟურნალისტებს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მრავალმხრივი პრობლემებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ექიმმა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, გიორგი პაპიაშვილმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივას, ექსპრეზიდენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით, სამედიცინო საფუძველი არ აქვს.

20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG