Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანის ბრიფინგზე "TV პირველი" და "მთავარი არხი" არ შეუშვეს


საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრიფინგზე, რომელზეც მან ახალი ლიტერატურული პრემიის,"წლის საუკეთესოს", დაფუძნებაზე ისაუბრა, მედიასაშუალებების ნაწილი საერთოდ არ მიიწვიეს, იქ მისული "TV პირველისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები კი არ შეუშვეს. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ არ შეატყობინეს არც რადიო თავისუფლებას.

"მიმართეთ პრესცენტრს" - უთხრეს სამინისტროს თანამშრომლებმა "TV პირველისა" და "მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებს, რომლებსაც, როგორც თავად ამბობენ, ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან არ მიუღიათ, თუმცა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მაინც შეიტყვეს და წულუკიანთან კითხვების დასასმელად დანიშნულ დროზე ადრე მივიდნენ:

"დაწყებულია ბრიფინგი და ვერ შეგიშვებთ", -მოგვიანებით უკვე ასე უპასუხა კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა სამინისტროს შენობაში მისულ ამ ორი ტელევიზიის ჟურნალისტებს.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ნათია ქოქოსაძე ამბობს, რომ მათ გადაიღეს სია, რომლშიც წერია, რომ კულტურის სამინისტრომ თეა წულუკიანის ბრიფინგზე მხოლოდ "იმედი", "რუსთავი 2", "პოსტ ტვ", "პირველი არხი", "ობიექტივი" და საპატრიარქოს ტელევიზია მიიწვია.

"ჩვენ ნახევარი საათით ადრე მივედით უწყების შენობაში, ჩვენს თვალწინ უშვებდნენ სხვა მედიის წარმომადგენლებს შიგნით და ვკითხულობდით, რატომ არ გვიშვებდნენ იქ..." - თქვა ნათია ქოქოსაძემ.

რადიო თავისუფლება რამდენიმე საათი უშედეგოდ ცდილობდა კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებას. ჩვენს სატელეფონო ზარს მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა, თუმცა, ჟურნალისტის ვინაობის გაგების შემდეგ, ტელეფონი გათიშა.

XS
SM
MD
LG