საქართველოს სახალხო დამცველმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატი ახლა სასამართლოსგან ელოდება პასუხს.
საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში. მის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა უკვე შეისწავლა გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული კლინიკა და ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა. ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მთავარი რეკომენდაციაა, სააკაშვილის დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობა, უშუალოდ პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა უკვე გააკრიტიკეს მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამ დასკვნას "ფეიკი" უწოდა და სახალხო დამცველის მოსალოდნელ სავარაუდო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
"როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 ნოემბრიდან იმყოფება გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა ჯერ კიდევ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ მე-18 დაწესებულებას აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს "ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს".