12 ნოემბერს თელავში, "გირჩი - მეტი თავისუფლებას" საპროტესტო პერფორმანსში მონაწილეობისთვის დაკავებული მწერლის, ტორესა მოსის მხარდასაჭერად ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები დღეს "მწერალთა სახლში" შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მიმართეს, "მოუხმოს გონს და კეთილგონიერებას." ტორესა მოსი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება სასამართლოს მოლოდინში, რომელიც ადმინისტრაციული წესით დაკავების შემთხვევაში დაკავებიდან 48 საათში უნდა გაიმართოს.
"სოლიდარობის აქტია ეს ჩვენი კოლეგის, ტორესა მოსის და სხვა მოქალაქეების და აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაიჭირა დანაშაულებრივად რეჟიმმა. ეს არის საერთო კონტექსტი ჩვენი პროტესტის: გაყალბებული არჩევნების, მესამე პრეზიდენტის ეგზეკუციის და საერთოდ იმ პროცესის, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს დაღმასვლასთან, რუსეთის ბოქვენ ქვეშ"- ამბობს მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე.
"ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ ვითარება ყოველ დღე უარესდება და უარესდება. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ისედავ პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო აგრესიულად იყოს ერთმანეთის მიმართ განწყობილი" - თქვა ლაშა ბაქრაძემ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა.
"ჩვენ მოვითხოვთ ყველამ მოუხმეთ გონს და კეთილგონიერებას, რომელიც ამ პოლარიზებულ საზოგადოებას კიდევ უფრო არ დაყოფს" - თქვა მწერალთა სახლში შეკრებისას პოეტმა, პენ-ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა შამუგიამ.
ტორესა მოსი და გირჩის სხვა წევრები, რომლებიც ამ პერფორმანსში მონაწილეობდნენ, 6 წინასწარ შერჩეულ ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელებს ავტომობილებით კეტავდნენ, რომლებშიც თავად ისხდნენ - პოლიციამ ავტომობილები ევაკუატორით გადაიყვანა საჯარიმო ავტოსადგომებზე, პროტესტის მონაწილეები კი დააკავა.
საპროტესტო აქციებზე პოლიცია დემონსტრაციულად და მასობრივად, რიგ შემთხვევებში აქტივისტების მხრიდან კანონდარღვევის გარეშე აკავებს პროტესტის მონაწილეებს. ადვოკატები წუხან, რომ დაკავების შემდეგ მათ არ ეძელვათ დაკავებულების ნახვის საშუალება, არის შემთხვევები, როცა დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევაც კი ვერ ხერხდება.