თბილისში ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 4 სხვადასხვა ადგილას საპროტესტო აქციებს მართავენ. ერთ-ერთი აქცია მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც პოლიცია აქციის მონაწილეებს მასობრივად აკავებს. კადრებში ჩანს ათობით ადამიანის დაკავება. დაკავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. აქციაზე ისმის შეძახილები: "რუსეთის აგენტებს რატომ არ აკავებთ?", "განგვიმარტეთ დაკავების მიზეზები!", "არ გავჩერდებით!", "მონებო!".
ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ მედიას აქციის მონაწილეთა დაკავების მიზეზი შემდეგნაირად განუმარტა: "საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ. პიკეტირება, ბლოკირება სახელმწიფო შენობების იკრძალება."
"თითოეულ დაკავებულზე ხვალ 10 და 20 კაცი გამოვა, ყველას ვერ დაგვიჭერთ. დღეს ხომ არის 3 ლოკაციაზე აქცია, ხვალ იქნება 5-ზე, არ მოგასვენებთ, სანამ ეს მთავრობა არ შეიცვლება", - ამბობს ზალიკო უდუმაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომლის დაკავების მცდელობაც ჰქონდა პოლიციას. ის აღნიშნავს, რომ პოლიციას ჰქონდა დავალება დაეკავებინა აქციის რაც შეიძლება მეტი მონაწილე.
"არ არსებობს განმარტება კანონში, რომელიც იტყვის, რომ უნდა დაიჭირო მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც გზას არ კეტავს, დგას ტროტუარზე და აპროტესტებს", - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ხერხეულიძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ის აქციის ერთ-ერთი მონაწილეა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეფერხებით მუშაობს მობილური ინტერნეტი, რაც ართულებს მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში.
თბილისში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტი, მოშიმშილე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 8 ნოემბერს საპტოტესტო აქციების სამი ძირითადი მოთხოვნა დაასახელა:
- მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში
- წართმეული არჩევნების დაბრუნება
- მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება