Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 ნოემბრიდან საქართველოში შესაძლებელი იქნება ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება


ხვალიდან, 10 ნოემბრიდან საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებს 18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც მეორე დოზა 6 თვის წინ აქვს გაკეთებული. გადაწყვეტილება დღეს, 9 ნოემბერს მიიღო იმუნიზაციის საბჭომ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:

მოქალაქეს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა;

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ „ფაიზერის“ ვაქცინით;

„ფაიზერით" ვაქცინირებულთათვის რეკომენდებულია ისევ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება;

60 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებიც „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ არიან აცრილი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალში.

იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, "ფაიზერის" ვაქცინით აიცრებიან 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. 8 ნოემბრის მდგომარეობით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 33.4% მაშინ, როცა პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებლად მიიჩნევდნენ წლის ბოლომდე სულ მცირე 60%-ის აცრას, ხოლო უფრო რთული და გადამდები დელტა შტამის ფართოდ გავრცელების შემდეგ, სულ მცირე 80%-ის ვაქცინაციას. ამჟამად საქართველოში აცრა შესაძლებელია ამერიკული "ფაიზერის" და ჩინური "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG