რუსთავიდან გლდანში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანას ოპოზიციის ლიდერებმა "გატაცება", „სასიკვდილოდ გამეტება“ და ხელისუფლების მიერ „ცეცხლზე ნავთის დასხმა“ უწოდეს.
მესამე პრეზიდენტის, რუსთავის დაწესებულების პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნამ, 39-დღიანი შიმშილობისა და ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, 8 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი გააერთიანა. 14 ოქტომბრის აქციისგან განსხვავებით, გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას კოალიციაში თუ მის გარეთ მყოფი არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ მათი პარტიებიც შეუერთდნენ.
აქციის დაწყებამდე და ყოფილი პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მორიგ დრამატულ მოვლენებამდე, დღის პირველ ნახევარში, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, ერთი შეხედვით, შერიგების სურვილი გამოხატა, როცა თქვა, რომ დრო იყო, დაეწყოთ საუბარი გაერთიანებაზე და საჭირო იყო "კონსტრუქციული თანამშრომლობა" ოპოზიციასთან.
თუმცა იქვე ცალკე გამოჰყო სააკაშვილის "დესტრუქციული მიზნები" და ოპოზიციაც კვლავ „კონსტრუქციულებად“ და „დესტრუქციულებად“ დაჰყო.
პარალელურად, ასევე დილით, ენმ-სთან წინასაარჩევნოდ შექმნილი კოალიციის წევრმა „ლელოს“ ლიდერებმა, როგორც თავად ახსნეს - სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყების იდეა წამოაყენეს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდნენ.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კოალიციის შიგნიდან თუ გარედან ჩნდებოდა ბზარი და ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობდა იმასაც, რომ ამის მიზეზი თავად მიხეილ სააკაშვილიც იყო, რომელმაც პოლიტიკური პროცესების საკუთარი სცენარის მიხედვით, მის გარშემო წარმართვა შეძლო და გადაფარა კოალიციური შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის.
ეს ყველაფერი ხდებოდა სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში სპეცოპერაციის მსგავსი მანევრებით გადაყვანამდე.
სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში, აქცია - ქუჩაში
მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან სამხედრო ვერტმფრენისა და დაჯავშნილი მანქანების მონაწილეობით გაყვანის შესახებ გახდა ცნობილი, და ჯერ არავინ იცოდა - საით წაიყვანეს, თავისუფლების მოედანზე უკვე დამონტაჟებული იყო საპროტესტო აქციის სცენა.
მომიტინგეების შეკრების პარალელურად, სააკაშვილის კვალს მისი მხარდამჭერები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.
საღამოს 7 საათისთვის სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებიდან „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციისა“ და „მომატებული საფრთხეების“ გამო გადაიყვანეს იმ საავადმყოფოში, სადაც, თავად პატიმარის, მისი ადვოკატების, სახალხო დამცველის ოფისისა და ექიმების შეფასებით, არასათანადო სამედიცინო პირობები და უსაფრთხოების მაღალი რისკებია.
მანამდე, უწყების მიერ 5 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით, რომლის გავრცელების კანონიერებასაც სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები სააკაშვილის შიმშილობას „ფეიკს“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის ციხეში იკვებება და თავს კარგად გრძნობს.
8 ნოემბერს, აქციაზე, ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ხალხი არ დაიშლება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხო გარემოში გადაყვანამდე, მის ადეკვატურ მკურნალობამდე, გათავისუფლებამდე და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებამდე. მისი თქმით, ხელისუფლება „სააკაშვილის გატაცებით“ ოპოზიციის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცადა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
მელიამ მიმართა ხალხს, რომ - „ციხის საავადმყოფოსთან“ აქციას ნუ გამართავენ, რადგან სამოქალაქო დაპირისპირება „ხელისუფლებისა და რუსეთის გეგმებში“ შედის.
„დღეიდან იწყება ფართო, ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა... არაფერი არ არის იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა. ეს საპროტესტო აქცია არ დასრულდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები“ - თქვა მელიამ.
მხოლოდ ენმ-ის აქცია?
8 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი, არა ინდივიდუალურად, არამედ პარტიული ნიშნით უერთდებოდნენ აქციას, თავისუფლების მოედანზე. მათ შორის იყო „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„ჩვენ ამ აქციას ვუერთდებით პარტიულად და ვუერთდებით იმ ძირითად მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, რაც აუცილებელია მისი გადარჩენისთვის... ასევე, რასაკვირველია, მასაც, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, სჭირდება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.
უკვე აქციაზე, ენმ-ის თავმჯდომარე ერთადერთი ლიდერი იყო, ვინც მომიტინგეებს მიმართა თავისუფლების მოედანზე და მათ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაუძღვა. მის გვერდზე, სცენაზე არ გამოჩენილან კოალიციაში შემავალ პარტიათა ლიდერები.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მომიტინგეებს შორის იდგნენ და, ხალხის პროტესტის საჭიროებასთან ერთად, ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზეც ლაპარაკობდნენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დიალოგი შესაძლებელია წარიმართოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების შესახებ. გრიგოლ გეგელია გვიდასტურებს, რომ დიალოგს მისი პარტიაც ძირითადად სწორედ ამ მიზნებისთვის ითხოვს.
„ლელო“ აცხადებს, რომ საპასუხოდ ხელისუფლებისგან ცინიკური განცხადებები მოისმინა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ დიალოგის ადგილი პარლამენტშია.
პოლიტიკური პროცესების ცენტრში
8 ნოემბერს, ჯერ კიდევ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, ყოფილი პრეზიდენტი მიუთითებდა, რომ თავს სიკვდილმისჯილად თვლის, მაგრამ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას, არ გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და „უკან გამოხსნა“ პროტესტის მთავარი თემა.
„ყველას ვთხოვ, ნუ აქცევს ჩემი ჯანმრთელობის თემას დღის წესრიგის მთავარ საკითხად, ნუ გადააფარინებს სააკაშვილის შიმშილობის თემას მთავარ ჩვენს მიზანს: მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების თემას. ჩემი შიმშილობა არის ამის მიღწევის საშუალება, და არ შეიძლება საშუალება უფრო წინ დავაყენოთ, ვიდრე მიზანი“ - წერდა სააკაშვილი.
მანამდე გამოგზავნილ წერილებში მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ გათავისუფლებაში ხალხის იმედი აქვს და პირობაც დადო, რომ გათავისუფლებიდან 10 დღეში ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებოდა.
ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის არასაკმარისად დამაჯერებლად ჟღერს მესამე პრეზიდენტის მოწოდება, რომ - მისი პატიმრობა და შიმშილობა მთავარ თემად არ უნდა იქცეს; რადგან „სააკაშვილმა თავად იზრუნა, რომ მისი თემა ყოფილიყო პოლიტიკური პროცესის ცენტრალური თემა“.
ხუხაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა კოალიციური მმართველობის იდეაც გადაფარა.
„ის იმ კატეგორიის პოლიტიკოსებს მიეკუთვნება, რომლებიც პროცესს უფრო თავის თავში ხედავენ, ვიდრე საკუთარ თავს პროცესში... ახლა, შიძლება ითქვას, რომ მთელი პოლიტიკური პროცესი სააკაშვილის მძევალია - ფიზიკურად ცუდად არის და მე ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ პოლიტიკურად არის კომფორტულ მდგომარეობაში - ცენტრში დადგა და თან კრიტიკის მიღმაა, რადგან ძალიან ძნელია, რომ მოშიმშილე პატიმარი აკრიტიკო. მის გარშემო ტრიალებს ყველა და ყველაფერი...
ამან უკანა პლანზე გადასწია კოალიციის იდეაც და ხელისუფლებასაც მისცა საშუალება, რომ კოალიციისთვისაც დაერქმია „ნაციონალური მოძრაობა“. ხელისუფლების ლოგიკა მარტივი - ის ახდენს მიშას დემონიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არქმევს ყველა პარტიას, რომელიც მასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობს... დღეის მდგომარეობით, უბრალოდ, კოალიცია არ არსებობს “ - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.
შესაძლებელია კოალიციური იდეისა და მიზნების დაცვა?
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, რომელიც 3 ნოემბრიდან შიმშილობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამბობს, რომ ენმ-სთან თანამშრომლობის მთავარი საფუძველი კოალიციის იდეაა და თუ რაღაც ეტაპზე პროცესი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ერთპიროვნულად, კოალიციის გარეშე დაბრუნებამდე მივიდა, ის ამ პროცესს წინააღმდეგობას გაუწევს და ოპოზიციაში დარჩება.
გრიგოლ გეგელია, "ლელოდან", გვეუბნება, რომ კოალიციური გეგმა კვლავ ძალაშია და მას ამ დრომდე ემხრობა ხუთივე პარტია (ენმ, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“).
„კოალიციის გეგმები არ შეცვლილა. მიზანია ამ ქვეყანაში მრავალპარტიული მოდელის შექმნა, რომელიც გაანაწილებს ძალაუფლებას, გაანაწილებს პასუხისმგებლობას. ეს მთავარი ამოცანა კვლავ ადგილზეა. ეს არის ხუთეულის მოდელი, რომელიც საზოგადოებამ იხილა არჩევნების მეორე ტურის წინ.
ეს არის ერთადერთი მოდელი, რომელშიც ჩვენ განვიხილავთ ჩვენი პარტიის ყოფნას. არ განიხილება სხვა მოდელი და სხვა პარტიებშიც იგივე განწყობაა - ჩვენ გვჭირდება ამ მოდელის წინ წაწევა.
მთელი იდეა ამ კოალიციის არის ის, რომ დაამთავროს ერთპარტიული მმართველობა. არავის უნდა ჰქონდეს ერთპარტიული ერთპიროვნული ძალაუფლება. თუ ეს იდეა იქნება დარღვეული, კოალიციაც აღარ იარსებებს. მე ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ“ - უთხრა გრიგოლ გეგელიამ რადიო თავისუფლებას 8 ნოემბერს, ვიდრე პროცესები უკიდურესად გამწვავდებოდა.
კოალიციაში შემავალ პარტიებს უშუალო შეთანხმება პირადად ენმ-ის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან აქვთ.
თავად მელია ამ ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა საკუთარი პარტიის ორთოდოქსი მხარდამჭერების სამიზნე. სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს, რომ ენმ-ის ამომრჩევლების ერთი ნაწილი მელიას სააკაშვილის გათავისუფლების პროცესის მიმართ გულგრილობასა და სისუსტეში სდებდა ბრალს. მას ბევრმა არც 6 ნოემბერს წამოყენებული ულტიმატუმი და აქციის 8 ნოემბრისთვის გადატანა მოუწონა.
ასეთი უკმაყოფილება პარტიის ლიდერების გარკვეულ წრეშიც გამოიკვეთა და მათ შორის არის მაგალითად გიორგი ჩალაძე, რომელიც, ენმ-ის წარმატებებს სრულად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებად თვლის და მოუწოდებს, მათ შორის, თანაპარტიელებსაც, რომ ეს არასოდეს დაივიწყონ, განსაკუთრებით საჯარო განცხადებებისას.
პარტიაში აზრთა სხვადასხვაობის არსებობა 8 ნოემბერს, დღის პირველ ნახეევარში, გიორგი ჩალაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისასაც დაადასტურა. ის ამ ფაქტს ჯანსაღი შიდა პარტიული დემოკრატიით ხსნის და ამბობს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით პარტია ერთიანია.
რაც შეეხება ოპოზიციურ კოალიციას, ჩალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ნამდვილ კოალიციურ მმართველობაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე ლაპარაკი მხოლოდ არჩევნების შემდეგ, იქნება შესაძლებელი:
„კოალიცია არის ძალიან კარგი. ეს არის სწორი მმართველობის ფორმა, ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი სახე. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის რეალობა. კოალიცია შედგება, როცა მივიღებთ შედეგს ხელზე [არჩევნების შედეგად] და შემდეგ ვისაუბროთ - ვის რა წვლილი აქვს ქვეყნის ერთიან მართვაში და არა წინასწარ".
ამასთან, გიორგი ჩალაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ერთი ნაწილის მიერ გამოხატულ შიშს, რომ ენმ-ი ქვეყნის სათავეში მოსვლას ისევ ერთპარტიულად ცდილობს. თუმცა იქვე დასძენს, რომ - არც "სოციალიზმია" გამართლებული.
"მე სხვის კომპლექსებზე ვერაფერს გეტყვით... მაგრამ, დიახ, ენმ-ი არის გამორჩეული ძალის, გამორჩეული ისტორიის მქონე ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. მინიმალური სტანდარტი უნდა იყოს ყველასთვის [სხვა პარტიებისთვის] უზრუნველყოფილი, მაგრამ სოციალიზმში ნუ გადავვარდებით.
ენმ-ი თავისი სრული სიდიადით ქვეყნის სამსახურში ჩადგება იმ კოალიციასთან, ვარსკვლავთცვენასთან ერთად, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ყველა მათგანს თავისი უნიკალური როლი გააჩნია და ყველა იდეალურად შეასრულებს ამ როლს. იმიტომ, რომ ჩვენ გვაერთიანებს არა ფული, არა ვინმეს შიში, არამედ სურვილი, რომ ქვეყანა შევცვალოთ უკეთესობისკენ" - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ჩალაძემ.