"სამართლიანი არჩევნები" აცხადებს, რომ ვეღარ უკავშირდებიან ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრ იზა ჩირგაძეს, რომლისთვისაც სამართლებრივი დახმარება უნდა გაეწიათ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქალს ტელეფონი გათიშული აქვს და მასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებს.
"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად. "სამართლიანი არჩევნები" კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
გუშინ, 1 ნოემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში ამავე ქალაქის 90-ე უბნის ერთ-ერთი რეგისტრატორი, იზა ჩირგაძე მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. ის ამბობდა, რომ მას უკავშირდებოდნენ მმართველი პარტიიდან და მისგან ითხოვდნენ უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის უფლება მიეცა. ქალმა ასევე თქვა, რომ ამავე პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ მისთვის ხელი შეეშალათ, როცა ის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიდიოდა და შესთავაზეს "უყიდდნენ ყველაფერს, რაც მას სჭირდებოდა". მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია უარყვეს.
მას შემდეგ, რაც იზა ჩირგაძესთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაკავშირება ვეღარ შეძლეს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა და ამავდროულად ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა პროტესტი გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქუთაისის შენობასთან. ის ამბობდა, რომ სუს-მა არჩევნები გააყალბა და ასე უცხადებდა მხარდაჭერას იმ რეგისტრატორს, რომელმაც ეს პრობლემა საჯარო გახადა.
იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა, რადგან მან უარი თქვა დამორჩილებოდა მათ მოთხოვნას და დაეტოვებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორია.