Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური: სპეცრაზმი N12 დაწესებულების ტერიტორიაზე არ შესულა


სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და იქ სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონები შეჰყავთ. მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა“.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, გავრცელებული კადრები გადაღებულია არა N12 დაწესებულების ტერიტორიაზე, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე. გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს საპოლიციო ძალების გადაადგილება რუსთავის ციხეში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტელევიზიების გავრცელებულ ამ კადრებში "თანამშრომელთა როტაციაა" ასახული. უწყება განმარტავს, რომ მსგავსი საპოლიციო ძალები სხვა დღეებშიც იდგნენ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია, დღესაც სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება“, - უთხრეს შსს-ში რადიო თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG