Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო "გამოშიგნულია" და სპეციალისტები არ ჰყავთ


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია იმ გარემოებებზე დეტალურად საუბრობს, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ დღეს ამ საავადმყოფოს შესაბამისი ლიცენზია არ აქვს და "გამოშიგნულია".

მისი ინფორმაციით, ეს კლინიკა 2019 წლიდან გადავიდა ე.წ. მილევად რეჟიმზე და გაუქმდა ქირურგიის, ანესთეზია-რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კი დარჩა მხოლოდ სამკურნალო განყოფილება.

"ამ დღეების განმავლობაში სასწრაფოდ ხდება ფუნქციური საწოლების და პორტატული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე და ამ დაწესებულებას არ აქვს ლიცენზია. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას", - თქვა გვარამიამ.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ კლინიკაში დარჩენილია ორი ქირურგი, რომლიდანაც ერთი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაკავებული იყო და აქვს პირადი ინტერესი ამ პარტიასთან და მიხეილ სააკაშვილთან. გვარამიას თქმითვე, კლინიკაში დარჩენილია მხოლოდ ორი თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, ერთი ვენეროლოგი, ოთხი ექთანი მიმღებში და რენტგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები.

"სრულიად გამოვრიცხავთ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას რამდენიმე მიზეზის გამო: ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე; სააკაშვილი ეყოლებათ მუდმივი სტრესის ქვეშ, ე.წ. შუმოკით (შეძახილებით); შეუწყვიტავ რეჟიმში იქნება პატიმრების შეძახილები და ბრახუნი, რაც სრულიად წარმოუდგენელი ზეწოლაა; გარდა ამისა, ამ კლინიკაში არიან აგრესიული ფსიქიატრიული პაციენტები და სანიტრები არიან პატიმრები - მათ აქვთ სრული ხელმისაწვდომობა პატიმრებთან", - თქვა გვარამიამ.

მისივე თქმით, "ვივამედმა" მათ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად 2000-მდე პატიმარს მკურნალობს, მათ შორის მოშიმშილე პატიმრებსაც.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პენიტენციური სამსახურიდან ინფორმაციის მიღებას ცდილობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

XS
SM
MD
LG