რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო წინა დღეს. საპატიმროში შეხვედრის შემდეგ მას უჭირს თქვას, მოსალოდნელია თუ არა და რა ტიპის გართულება.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს - პასუხები ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში... არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში... ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი..." - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.