Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის ვერ ივლის ვერც ერთი ევროპარლამენტარის ჭკუაზე, განსაკუთრებით ისეთების, ვისაც პირადი ნაცნობობაა და მეგობრობა აკავშირებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პასუხია მედიის შეკითხვაზე, რომლითაც მას სთხოვეს შეეფასებინა ევროპარლამენტართა ჯგუფის გამოხმაურებები მიხელ სააკაშვილის დაკავებით საქართველოში შექმნილ ვითარებაზე.

მე გუშინ ვთქვი კიდევაც, არც ფოტიგა, არც არავინ, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბარში რუსთავში ყოფნისას. ის დღეს „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის შტაბში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან. მან ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი ცალკე დაახასიათა, მისი მეუღლის ყოფილი თანამდებობის კონტექსტშიც ისაუბრა.

„მე მინდა ასევე შევახსენო მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან. აღარ მინდა გავაგრძელო, ერთ-ერთი, მთავარი ვინც აქტიურობს, ბატონი [რაფაელ] გლუკსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელი ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი, რომელიც აქ იყო მთელი ის პერიოდი, როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა და უბედურება, წამება ციხეებში, ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის ჩვენ და რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს? ეს მაინტერესებს. მინდა, ერთი რამ გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან თუ ა.შ. სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. კაცი, რომელიც დღეს გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, და თავდადების მაგალითი თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით დააფიქსირა, შემოვიდა ასე მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ 19 ოქტომბერს ევროპარლამენტართა ერთმა ჯგუფმა, გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო რომ საქართველო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა აჩენს შეკითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ.

18 ოქტომბერს 70-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გაავრცელა მიმართვა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ მიმართვის ერთ-ერთ ხელმომწერია რაფაელ გლუკსმანი, რომლის თაობაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

რაფაელ გლუკსმანი საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტი იყო 2005 წლიდან 2012 წლამდე. ის იყო იმჟამად (2006-2012 წლებში) შს მინისტრის პირველი მოადგილის ეკა ზღულაძის ქმარი. რაფაელ გლუკსმანის სახელი დაკავშირებულია 2010 წელს ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული „მოდელირებული ქრონიკის“ საკითხთან. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან ურჩია ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, გიორგი არველაძეს არხი “უფრო პროვოკაციული” გამხდარიყო.

XS
SM
MD
LG