Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კახა წიქარიშვილი გირგვლიანის საქმეზე: თუ სააკაშვილი ციხეშია, მურუსიძე რატომ არის უვადო მოსამართლე?

კახა წიქარიშვილი გირგვლიანის საქმეზე: თუ სააკაშვილი ციხეშია, მურუსიძე რატომ არის უვადო მოსამართლე?


კახა წიქარიშვილი, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი
კახა წიქარიშვილი, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრმა კახა წიქარიშვილიმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეების, გამომძიებლებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ზოგადად გირგვლიანის საქმე 2 ნაწილისგან შედგება და მასში ერთია მკვლელობა, მეორე კი საქმის ჩაფარცხვა. მისი თქმით, ამ უკანასკნელში, ჩაფარცხვის ნაწილში, ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და მათ თავიანთი ქმედებების გამო პასუხი არ უგიათ.

„თუ სააკაშვილი ციხეშია, რომელიც არის ფიგურანტი გირგვლიანის საქმის, მაშინ ლევან მურუსიძე რატომ არის უვადო მოსამართლე, რატომაა მოსამართლეების ლიდერი და რატომაა მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე? ჩვენ ამ შეკითხვებს ვსვამთ ლოგიკურად“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შერჩევითი მართლმსაჯულების პირობებში სანდრო გირგვლიანის საქმის ფიგურანტები თავისიანებად და სხვისიანებად დაყო და სამართალიც შესაბამისად აღასრულა.

„ანუ თუ მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე გაყალბდა, თუ გირგვლიანის საქმე ჩაიფარცხა, მაშინ რატომ არის ეს მარტო სააკაშვილის ბრალი, რატომ არის ეს მარტო მერაბიშვილის ბრალი და მარტო ახალაიას ბრალი? მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები არ მონაწილეობდნენ ამ საქმეში? ანუ რეალურად მივიღეთ რა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გირგვლიანის ფიგურანტები დაყო ორ ნაწილად, თავისიანებად და სხვისიანებად, ანუ მოწინააღმდეგეებად. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია გაასამართლა, ხოლო თავისიანებს - გამომძიებლებს, პროკურორებს და მოსამართლეებს ხელი გადაუსვა და ან დააწინაურა, ან შეუნარჩუნა პოსტები და საერთოდ არ შეეხო“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა, რომლის თანახმადაც, იგივე შეიძლება ითქვას პოლიტპატიმრების საქმეებზეც.

„ანუ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა შერჩევითი მართლმსაჯულება - სამართალდამცავ სისტემაში ყველას ყველაფერი აპატია, თავის სასარგებლოდ ამუშავებს ახლა ამ მოსამართლეებს, გამომძიებლებს და პროკურორებს, ხოლო ელიტარულ ნაწილს, რომელიც მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო, გაუსწორდა სისხლისსამართლებრივი დევნის მეშვეობით“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, უშუალოდ სანდრო გირგვლიანის საქმის კიდევ ერთხელ გააქტუალურება ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება. დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მოითხოვს სამართალდამცავი სისტემის იმ ხალხისგან გათავისუფლებას, მინიმუმ თანამდებობიდან დათხოვნას, ვინც გირგვლიანის საქმის გამოძიებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ფიგურირებდნენ.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს, მრავლობითი დაზიანებებით, ოქროყანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. დანაშაულში ეჭვმიტანილის სტატუსით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი დააკავეს. მართლმსაჯულებამ მათ 7-8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2006 წელს წარმოებული გამოძიებით და სასამართლოს განაჩენით სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება შეფასდა როგორც „შარდენ ბარის“ გასასვლელთან წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება. მოგვიანებით, დაკავებულები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. სანდრო გირგვლიანის ოჯახი კი მკვლელობის დამკვეთებად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს - ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს - და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეს, თაკო სალაყაიას, ხოლო უშუალო შემსრულებლად ოლეგ მელნიკოვს ასახელებდა.

მოსამართლე ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება 2007 წლის ივლისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირება. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ერთ-ერთი საქმე, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მსჯავრდებული, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ექსპრეზიდენტს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირებისთვის პატიმრობის ვადის შემცირებას ედავებოდა.

უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. ექსპრეზიდენტს ორ საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა, ხოლო კიდევ ორ საქმესთან დაკავშირებით მას ბრალი აქვს წაყენებული.

XS
SM
MD
LG