Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეები რუსთავის ციხესთან იკრიბებიან


რუსთავის ციხესათან აქციისთვის ემზადებიან ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე შეკრებილთა შორის არიან რუსთავის მერიის თანამშრომლები, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები.

„აქციას სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახები მართავენ, რომელსაც მეც ვუერთდები", - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი წილოსანმა, რუსთავის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელმა. 14 ოქტომბერს გავრცელებული კადრების თანახმად, წილოსანი იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ცოცხებით თავდასხმა თბილისისკენ მიმავალი მომიტინგეების ავტოკოლონაზე.

გიორგი წილოსანმა თქვა, რომ მედიამ მას ცილი დასწამა, რადგან ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გივი შანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არც ერთი პარტიის მომხრე არ არის, რომ ის რუსთავის ციხესთან მეგობრებთან ერთად მივიდა, „რათა მხარი დაუჭიროს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულ ოჯახებს“.

ამჟამად ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენას ამზადებენ აქციაზე გამომსვლელთათვის. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 7 ოქტომბერს შექმნილ ონლაინპეტიციაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ხელი 75 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ემხრობიან, მათ შორის - მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

15 ოქტომბერს ხელმოსაწერად გამოქვეყნდა სააკაშვილის გათავისუფლების მოწინააღმდეგეთა ელექტრონული პეტიციაც. 16 ოქტომბრის 14:00 საათისთვის პეტიციას 3087 ხელმომწერი ჰყავს.

XS
SM
MD
LG