რუსთავის #17-ე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ერთი მსჯავრდებული დააშავა. ინფორმაცია პატიმრების ნათესავებს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიაწოდა.
მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილმა მსუბუქი დაზიანება მიიღო - "კვამლი ჩაისუნთქა".
პენიტენციურ დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სხვა დაშავებული არ ჰყავთ. უწყების თანამშრომელი ჟურნალისტებს ხანძართან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე აღარ ესაუბრა.
ციხის ადმინისტრაციული შენობიდან თანამშრომელი მოქალაქეებთან სასაუბროდ მას შემდეგ გავიდა, რაც ტერიტორიასთან შეკრებილმა მსჯავრდებულის ნათესავებმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატეს. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა პატიმრის ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები ჩაიწერა და დაჰპირდა, რომ ხანძრის გამო გათიშული საკომუნიკაციო საშუალებების აღდგენის შემდეგ მათთან კომუნიკაციას შეძლებდნენ.
რუსთავის #17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. უწყება აღნიშნავდა, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე განმარტავდა, რომ #17 დაწესებულება რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური დაწესებულებებიდან (5, 6, 12, 16) მოშორებით მდებარეობს და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენამდე გენერატორი მუშაობს.