საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი".
„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომლისთვისაც ეს, „ხარება და გოგიას” შემდეგ, რიგით მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. მთავარ როლებში ასევე არიან ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და მსახიობი, გიორგი ტაბიძე, და რუსი მსახიობი, ნადეჟდა მიხალკოვა.
რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სამი ჯილდო მიიღო – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარი.