Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ მეოთხე ბრაიტონი” - „ქაოსური“ ფილმი ქართულ საქციელზე - ინტერვიუ ლევან კოღუაშვილთან


რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, სამი ჯილდო მიიღო – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო სცენარი.

„მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომლისთვისაც ეს, “ხარება და გოგიას” შემდეგ, რიგით მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. მთავარ როლებში ასევე არიან ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და მსახიობი, გიორგი ტაბიძე, და რუსი მსახიობი, ნადეჟდა მიხალკოვა.

ლევან, თქვენთვის ემიგრაციის თემა ახალი არ არის. გვახსოვს დოკუმენტური ფილმიც „ქალები საქართველოდან". როდის და რატომ გადაწყვიტეთ „ბრაიტონის“ გადაღება?

ნებისმიერი სიუჟეტი ყველა ჩემს ფილმში - „ქუჩის დღეები“ იქნება, „პაემნები“ თუ დოკუმენტური ფილმი - არის საბაბი, რომ ვაჩვენო სცენები თანამედროვე ქართული ცხოვრებიდან. არ აქვს მნიშვნელობა, ნიუ-იორკში იქნება, თუ, პირობითად, გორის პატარა სოფელში.

„ბრაიტონი“, ფაქტობრივად, არის სტუდენტური ჩანახატებიდან შექმნილი. ნიუ-იორკში როცა ვცხოვრობდი და კინოაკადემიაში ვსწავლობდი, სამუშაო თემა უნდა ამერჩია და ემიგრაცია იყო რაღაცნაირად ბუნებრივი არჩევანი. მამის ისტორია, რომელიც საქართველოდან ჩამოდის შვილის გადასარჩენად, არის იმდროინდელი, 2005-2006 წლების.

მერე შემომთავაზეს „ქუჩის დღეების“ გადაღება და არჩევანი გავაკეთე დაბრუნებასა და საქართველოში ფილმის გადაღებაზე. შემდეგ კიდევ გადავიღე ფილმები და, საბოლოოდ, გადმოვბარგდი საქართველოში.

მერე ისე მოხდა, რომ წლების შემდეგ დამიკავშირდა ბორის ფრუმინი, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო და შემდეგ უკვე სცენარების თანაავტორი. შემომთავაზა დავბრუნებოდი ნიო-იორკის თემას, მაგრამ მე, რადგანაც წამოსული ვიყავი უკვე და სხვა ისტორიები მაინტერესებდა, უარი ვუთხარი. შემდეგ ბორისმა თავად დაწერა, ჩემი მონათხრობიდან გამომდინარე, სცენარი - იქნებ, მოგინდესო.

მერე ისე მოხდა, რომ პროდიუსერმა, რომელსაც ჩემთან თანამშრომლობა უნდოდა, შეთავაზებული ვარიანტებიდან სწორედ ნიუ-იორკის თემა აირჩია და მომიწია დაბრუნება და ხელახლა ამ ემოციების გახსენება.

ფილმში არა მხოლოდ პროფესიონალი მსახიობები, არამედ თავად ემიგრანტებიც მონაწილეობენ. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ფილმში?

ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ბევრი ადამიანი თავის თავს თამაშობს ფილმში, რადგან ადამიანების რაღაც ნაწილი გადავიღეთ თავის ბუნებრივ გარემოში. ქასთინგის მენეჯერს ზოგი პირდაპირ ქუჩიდან მოჰყავდა.

ლევან კოღუაშილი გვიყვება როგორ იღებდნენ რეალურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ რეალურ ხალხს, ასევე ბრაიტონელ ყოფილ კრიმინალებს და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი ფილმისთვის მსახიობის შერჩევისას:

ლევან კოღუაშვილი მსახიობების შერჩევის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს. ის როგორ მოხვდა ფილმში და როგორია მისი პერსონაჟი, კახი?

ლევან თედიაშვილი არის გმირი, რომელსაც სახეზე აწერია ბევრი რამ. ძნელია იპოვო ისეთი მსახიობი, რომელიც შეძლებს იმის თამაშს, რაც ლევანს 70 წლის მანძილზე რეალურად გადახდა. ეს არის დიდი გამარჯვებები, ტაისონის დონის ლეგენდაა, საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე ცოტა დაუფასებელიც, იმასთან შედარებით რაც რეალურად არის. არტისტული ტიპია, რომელსაც მხოლოდ ჭიდაობა არ აინტერესებს და რეალურადაც ეგრე იყო - ბიზნესიც იყო მის ცხოვრებაში, პოლიტიკა... და ეგეც აწერია, იმ დიდ ტრაგედიასთან ერთად, რომელიც გადახდა. აფხაზეთის ომში შვილთან ერთად წავიდა და წასულს შვილი ხელებში ჩააკვდა და ესეც აწერია, ბევრი იმედგაცრუება ... და აქვს ერთი კარგი უნარი, რომ მსახიობობა შეუძლია და ეგეთი ფენომენია.

ფილმში მისი შვილის როლის შემსრულებელი, გიორგი ტაბიძე, არაჩვეულებრივი ქართველი ახალგაზრდა, მსახიობი და რეჟისორია, რომელიც საინტერესო გმირია, ჩემი აზრით, ძალიან ბუნებრივი, და მასაც ბევრი რამე აწერია სახეზე… ჩვენი დაკარგული თაობა.

5 ნომინაციიდან 3 აიღო თქვენმა ფილმა. კმაყოფილი ხართ თუ არა თავად და როგორ ფიქრობთ, რითი მოიხიბლა ჟიური?

სიმართლე გითხრათ, ეს არის მუდმივი პრობლემა, განსაკუთრებით, ოჯახში, რადგან ცოლთან სულ ვწუწუნებ, რომ ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი. კმაყოფილი ვარ იმით, რომ დამთავრდა ფილმი - ბევრი რაღაც ვისწავლე, ბევრი რაღაცები ვცადე, პროფესიული კუთხით.

რეცეპტი არის მარტივი: ჰყვები ადამიანურ უნივერსალურ ისტორიას, რომელთანაც შეიძლება ყველამ გააიგივოს თავი. ორიგინალური შეიძლება იყოს ის, თუ როგორ ააწყობ სიუჟეტს და როგორი აქცენტით მოჰყვები ამბავს.

ჩვენს შემთხვევაში ეს იყო მთავარი, რადგან ეს არის, კარგი გაგებით, ცოტა ქაოსური ფილმი ქართულ საქციელებზე ნიუ-იორკში. ეს არის, რითიც შენ შეიძლება იყო განსხვავებული სხვისგან.

ფილმში თამაშობს კახი კავსაძეც, რომლისთვისაც „ბრაიტონი“ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. რა როლი აქვს მას?

კახი არ არის მთავარი გმირი, მაგრამ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რომელიც კრავს ამ სურათს.

რეჟისორი ლევან კოღუაშვილი კახი კავსაძის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:31 0:00

“ტრაიბეკას” შემდეგ რომელ ფესტივალზე აჩვენებენ ფილმს და ჩვენ როდის ვნახავთ საქართველოში?

შემდეგი ჩვენება იქნება კარლოვი ვარში და ამ ეტაპზე 10-ზე მეტი ფესტივალია, სადაც უკვე ვიცი, რომ იქნება ფილმი. რაც შეეხება ქართულ პრემიერას, ვფიქრობთ, რომ თბილისის კინოფესტივალზე მოხდეს ეს. გააჩნია, პანდემია რის საშუალებას მოგვცემს.

ლევან, რა იქნება შემდეგი?

პანდემიის პერიოდში გადავიღე დოკუმენტური ფილმი, რომლის სამუშაო სახელი არის „პანდემია ქართულად“. ახლა მონტაჟის პროცესში ვარ, პრემიერას კი შემოდგომაზე ვგეგმავთ.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG