ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 3 ადამიანი დააკავა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის ჩამოინგრევის შედეგად 6 გარდაცვლილია, ერთი მამაკაცი კი მძიმე მდგომარეობაში ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება. ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში, თუმცა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.