Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პენცენტრი: „თავისუფალი ლიტერა“ ჩატარდება - ხალხის დახმარებით


ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, ამჯერად სახელით „თავისუფალი ლიტერა“ - ჩატარდება, ოღონდ კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით.

პროცესს სათავეში მწერალთა გაერთიანება საქართველოს პენცენტრი ჩაუდგება და პრემიისათვის საჭირო თანხას შეაგროვებს.

პროექტს მხარი უკვე დაუჭირა „ღია საზოგადოების ფონდმა“, რომელმაც უკვე დაფარა პრემიისთვის საჭირო თანხის ნახევარზე მეტი.

მაგრამ კონკურსის სრულყოფილად ჩასატარებლად დამატებით 24 260 ლარია საჭირო. ამ თანხის შეგროვებას კი პენცენტრი იმ ადამიანების დახმარებით ეცდება, ვისაც უყვარს ლიტერატურა და სჯერა, რომ ეს კონკურსი ცენზურის გარეშე უნდა ჩატარდეს:

„ეს ერთჯერადი კონკურსი იქნება და ის 2021 წელს ჩავარდნილი „ლიტერას“ ფორმატს გაიმეორებს, გამოავლენს პრემიის ლაურეატ ავტორებს და დააჯილდოებს მათ. „ლიტერას“ მხარდამჭერი ერთჯერადი კონკურსის შექმნის მიზანია, მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება. ჩვენ, მკითხველებმა და მწერლებმა, უნდა ჩავატაროთ ეს კონკურსი, რადგან ის ჩვენია - მკითხველებისა და მწერლების“, - წერია საქართველოს პენცენტრის განცხადებაში.

პრემია „ლიტერა“ სსიპ მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. ქვეყანაში არსებული ორი მასშტაბური ლიტერატურული პრემიიდან ერთ-ერთი სწორედ „ლიტერაა“. 2016-2020 წლებში „ლიტერა“ ყოველწლიურად გაიცემოდა 6 ნომინაციაში, გამარჯვებულ ავტორებს ავლენდა დამოუკიდებელი ჟიური, რომელსაც ირჩევდა მწერალთა სახლი.

საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ 2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალობის შეზღუდვის საფრთხის წინაშე. კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. ეს პროცესი კი მწერლებმა აღიქვეს, როგორც ტოტალიტარულ დროში გამართული კონკურსების ჟიურიში საბჭოთა სამთავრობო „ოდეერის“ მივლინება, რომელსაც შეეძლო დაეწუნებინა პარტიულ სულისკვეთებასთან შეუსაბამო ტექსტები.

„მწერლებისთვის ასეთი კონკურსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ფინანსური ხელშეწყობისა, ცოცხალი პროცესის შიგნით ყოფნა ყველა მწერლისთვის მნიშვნელოვანია. მწერლებმა, პროტესტის ნიშნად, თავიანთი წიგნები ჩახსნეს კონკურსიდან. მწერლებმა აჩვენეს, რომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ყველა ერთად დგას, როცა საქმე წერის თავისუფლებას ეხება. მწერლებმა აჩვენეს, რომ აქვთ პრინციპები, რომელთაც არ გაცვლიან ჩინოსნების კეთილგანწყობაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სურვილის შემთხვევაში კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო თანხა საქართველოს პენცენტრის ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს, რომელიც ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პენცენტრის განცხადებაშია მითითებული.

XS
SM
MD
LG