საგარეო უწყება ეხმაურება ინფორმაციას ავრცელებს დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფის მიერ სავარაუდო მიყურადებაზე გამოთქმული შეშფოთების შემდეგ. სამინისტროს განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.
როგორც სამინისტრო აცხადებს, დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.
„აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
4 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვედრაზე მათ სავარაუდო მიყურადებაზე შეშფოთება გადასცა. ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ტვიტერზე გაავრცელა.
საუბარია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "სუს-ის ფაილების" სახელით გავრცელებულ ჩანაწერებზე, სადაც ელჩებიც ფიგურირებდნენ.
რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ბმული მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირად საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად, სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.
"სუს-იდან გამოჟონილ" სავარაუდო ფაილებზე საუბრის დროს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაიბარეს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ამ საკითხს სერიოზულად უყურებენ.