Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორძაიას თქმით, ხელისუფლება "უმნიშვნელო დარღვევებით" არჩევნების გაყალბებას ცდილობს


ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლება პატარ-პატარა დარღვევებით ცდილობს თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებას. ამის შესახებ მან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღის განმავლობში გამოვლინდა, რომ ხელისუფლება ახლაც ცდილობს არჩევნების გაყალბებას - ეს ვლინდება საარჩევნო კოდექსის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ კომპლექსურად ეს ქმნის გაყალბების შედეგებს", - თქვა კორძაიამ.

სავარაუდო დარღვევები, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ისაუბრეს, ასეთია:

  • გლდანი - გრძელდება ხელოვნურად ბიულეტენების გაფუჭება და შემდეგ შეიძლება მოქალაქეების ხმები გაბათილდეს დათვლის დროს;
  • ჩუღურეთის რაიონი - #36-ე უბანში რეგისტრატორი ბიულეტენს არ აწერს ხელს ან არ არტყამს ბეჭედს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ბიულეტენებზე;
  • ​დიდუბე - #15-ე საარჩევნო უბანზე 12:00 საათისთვის აღმოაჩინეს, რომ არ იყო დალუქული საარჩევნო ყუთი.

"სისტემური დარღვევები ვლინდება იმაში, რომ სპეციალურ სიებში და covid-უბნებში ადამიანები ხმას აძლევენ ძირითად უბნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებისთვის შექმნა პირობები, რომ ერთ ადამიანს ორჯერ აძლევს ხმის მიცემის უფლებას - მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ისანის #70-ე უბანში, ვაკეში #13-ე უბანში (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა ამომრჩეველმა ხმა მისცა ძირითად სიაშიც). [ვაკის] #43-ე უბანში კომისიის წევრი უნდა ყოფილიყო სიაში, მაგრამ ის გადავიდა გვერდით უბანში და იქ მისცა ხმა - მას ასევე შეუძლია იმავე უბანზე ხმა", - თქვა კორძაიამ.

მისი თქმით, არის სხვა დარღვევები სხვა უბნებში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებული. ამავე ორგანიზაციიდან საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

XS
SM
MD
LG