პარტია „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის დაკავებას „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის შეთანხმებას უკავშირებს.
„პირველი, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ის არის გასამართლებული ქართული სასამართლოს მიერ და მიშა სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. მეორე, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ლოგიკურად შეთანხმებული იქნებოდა „ოცნებასთან“ და „ოცნება“ შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში. ესეც დადასტურდა. ახლა იმედი მაქვს, რომ არ გამართლდება ჩემი პროგნოზი რომ „ოცნება" მას ამნისტირებას გაუკეთებს, ისე როგორც, მაგალითად, გაუკეთა ნიკა მელიას. ქართველი კაცი ბრძენია. ეს ქვეყანა კი ჩვენია, საქართველოს მოქალაქეების და როდესაც ასეთ მასკარადს „ნაცები“ და „ოცნება“ ერთად გვიწყობენ სიმბოლურად 1 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ 2018 წელს დაუსწრებლდა გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გენერალურმა პროკურატურამ ბრიფინგი გამართა. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა საზოგადოებას გააცნო ის საქმეები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და ბრალდებული. საქმეებს მესამე პრეზიდენტის მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.