„ქართული ოცნების“ შემომწირველები იმ კომპანიებთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც 2021 წელს ტენდერებს იგებდნენ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დაფინანსების საკითხების სწავლობს, მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
საანგარიშო პერიოდი 2 აგვისტოდან 12 სექტემბერს მოიცავს. იკვლიეს ისეთი 13 პარტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას 2.5-ჯერ აღემატება. კერძოდ, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე 13 პარტიამ 12 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 70% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ - 777 721 ლარი, მესამეზე კი „გახარია -საქართველოსთვის“ - 758 701 ლარი.
ფინანსური შემოსავლის მხოლოდ 17% არის სახელმწიფო დაფინანსება, დანარჩენი თანხა პარტიებს ან შესწირეს ან მათ საბანკო სესხი აიღეს. თუმცა სესხით ამ პერიოდში მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ“ ისარგებლა, მან 12 თვის ვადით ნახევარი მილიონი ლარი ისესხა.
ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ პარტიების ხარჯების (რაც დაახლოებით 7 მილიონ ლარამდეა ) უდიდესი ნაწილი რეკლამაზე მიდიოდა. რეკლამაზე 5 მილიონზე მეტი დახარჯა „ქართულმა ოცნებამ“. ეს თანხა 13 პარტიის სარეკლამო ხარჯის 79%-ს წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის არის კომპანიები ან მათთან დაკავშირებული პირები, რომლებმაც 1 იანვრიდან 12 სექტემბრამდე 122. 2 მილიონ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. ასევე მიიღეს 4.5 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები. ამავე პერიოდში ამ სუბიექტებს „ქართული ოცნებისთვის“ 2 მილიონ ლარამდე თანხა აქვთ შეწირული.
„წინასაარჩევნო პერიოდს თუ შევხედავთ, პარტიები არ მუშაობენ ამომრჩევლებთან იმისთვის, რომ მათგან მიიღონ შემოწირულება, დასავლეთში პრაქტიკა რომ არის, რომ თითოეული ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია... სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს პრაქტიკა არ არის“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, - „მმართველი პარტიის შემომწირველებში არიან კომპანიები, რომლებმაც მიიღეს სახელმწიფო ტენდერები და შემდეგ შესწირეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ... ამ საკითხებს უნდა მიხედონ შესაბამისმა ორგანოებმა და გამოიძიონ, რადგან აქ არის კორუფციის რისკები“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:
- „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა შპს „ზიმომ“ წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი მიიღო. ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა კი „ოცნებას“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.
- 2021 წელს 4 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო შპს „არსაკიძე 2000“-მა. კომპანიის მფლობელები დაკავშირებულები არიან შპს „ლილო-მოლთან“. ამ ჯგუფში შემავალმა 15-მა პირმა წელს მმართველ პარტიას 670 ათასი ლარი შესწირა.
- 45 ათასი ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა. ნუგზარ აბალაკის კომპანიებს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“-ს წლის განმავლობაში 23 მილიონის ტენდერები აქვთ მოგებული.
- 20.6 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული შპს „არალს“, მისმა მფლობელმა დემეტრე თათეშვილმა კი „ოცნებას“ 50 ათასი ლარი შესწირა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა მმართველ პარტიას ჯამში 714 ათასი ლარი შესწირა, რაც ეჭვებს აჩენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენები სახელმწიფო სტრუქტურებმა აიძულეს შემოწირულება გაეღოთ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ პროკურატურამ სამცხე-ჯავახეთში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს, ასევე შეისწავლოს ხომ არ იყო მსგავსი შემთხვევები საქართველოს სხვა რეგიონებშიც.