Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციას არ ადასტურებენ


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც პედაგოგთა სავალდებულო ვაქცინაცია იგეგმება.

რამდენადაც ვიცი დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. კი გამოხატვის თავისუფლება, პიროვნების თავისუფლება ძალიან, ასე ვთქვათ უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს პარლამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავითარი კანონპროექტი არც დღეს და არც ამ კვირაში, არც პედაგოგთა და არც ზოგადად სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ დარეგისტრირებულა.

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ არც რაიმე სახის საკანონმდებლო და არც სხვა სახის ინიციატივა, ან მინისტრის ბრძანება, განკარგულება პედაგოგთა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არსებობს.

„სამინისტრო იუნისეფთან ერთად აგრძელებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების კამპანიას თბილისსა და რეგიონში. სამინისტრო პედაგოგებს კვლავაც ვაქცინაციისკენ მოუწოდებს“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სამინისტრო პედაგოგებს სთავაზობს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დახმარებას, ასევე ვაქცინაციის კაბინეტებში პედაგოგებისთვის გამოყოფილი ურიგო აცრის პროცედურას.

დღეის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65%-ზე მეტი აცრილია.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით პედაგოგთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. სხვა ინიციატივა სამინისტროს არ აქვს.

4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. სწავლის პროცესში მოსწავლეები (ყველა კლასი) ვალდებულები იქნებიან, ატარონ პირბადე.

XS
SM
MD
LG