აშშ-ის სენატი 30 სექტემბერს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომლის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული ე.წ. მთავრობის „შატდაუნი“ - ფედერალურ უწყებათა მუშაობის შეჩერება.
დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება „განგრძობითი რეზოლუციის“ შესახებ, რათა არ შეჩერდეს ფედერალური უწყებების მუშაობა. მისი თქმით, ამ საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება 30 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის საფინანსო წლის ბოლო დღეს.
სენატის დემოკრატი წევრები ამბობენ, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც მთავრობას 3 დეკემბრამდე მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მოსალოდნელია, რომ წარმომადგენელთა პალატა სწრაფად გააკეთებს იმასვე.
როგორც ვარაუდობენ, კანონპროექტი, რომელიც შეიცავს 6,3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას ავღანელი ლტოლვილებისთვის და 28,6 დოლარს სტიქიური უბედურებების შემთხვევაში დახმარებისთვის, ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს და მალე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნება ხელმოსაწერად.
იმის გათვალისწინებით, რომ ფედერალური სამთავრობო უწყებების დახურვის საფრთხე არაა მოსალოდნელი, დემოკრატები შეძლებენ კონცენტრირებას ვალების მაქსიმალური დონის ამაღლებაზე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული 1,2 ტრილიონი დოლარის ღირებულების გეგმის მიღებასა და ბიუჯეტის 3,5 ტრილიონი დოლარის ოდენობის ხარჯვით ნაწილზე.
ბაიდენი და მისი კოლეგა დემოკრატები ცდილობენ ორი კანონპროექტის მიღებას რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე. ვალების მაქსიმალური დონის შესახებ კანონპროექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთავრობამ განაგრძოს ვალების აღება. ხარჯების შესახებ ორი კანონპროექტი კი გაზრდის გადასახადებს სამთავრობო პროგრამების გასაფართოებლად ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროებში.