Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამის ინდოელი სწავლული თალიბანს პრაგმატიზმისკენ მოუწოდებს


მაულანა სიედ არშად მადანი
მაულანა სიედ არშად მადანი

ისლამის სწავლული ინდოეთში მდებარე დეობანდის სკოლიდან, საიდანაც მომდინარეობს თალიბების იდეოლოგია, ავღანეთის დღევანდელ მმართველებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დისკრიმინაციას და ყველას უფლებები დაიცვან.

სუნიტური ისლამის ის მკაცრი ფორმა, რომელსაც მისდევენ თალიბანის ლიდერები, მომდინარეობს ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ დეობანდიდან. თალიბები ისლამის ამ მიმართულებაში ხედავენ სახელმწიფოს მართვისა და თავიანთი მკაცრი კურსის საფუძვლებს.

როგორც დეობანდის ისლამური სკოლის, დარულ ულომ დეობანდის ხელმძღვანელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ის იმედოვნებს, რომ თალიბანი იქნება შემწყნარებელი, მაგრამ პრაგმატული. ამავე დროს ის მხარს უჭერს თალიბანის პოლიტიკას განათლების სფეროში, რაც ვაჟებისა და ქალების სეგრეგაციისკენაა მიმართული.

82 წლის მაულანა სიედ არშად მადანი ამბობს, რომ, მისი აზრით, ავღანეთში ხელისუფლების სათავეში თალიბანის მოსვლა დადებითი მოვლენაა, ვინაიდან ისლამისტურმა მოძრაობამ უცხოური ოკუპაციისგან გაათავისუფლა ქვეყანა.

„ჩვენ მათ მანამდე მივესალმებით, სანამ ისინი არ დაიწყებენ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარჩევას და ყოველი ადამიანის სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას დაიცავენ,“ უთხრა მადანიმ რადიო თავისუფლებას.

„[თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ] ორმაგი საზომი არ უნდა გამოიყენოს ადამიანებისთვის, ვინც უმრავლესობაშია ან უმცირესობაშია, ვინაიდან ავღანეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა, სადაც პუშტუზე მოლაპარაკეთა გვერდით ცხოვრობენ ტაჯიკები და უზბეკები,“ თქვა მადანიმ.

15 აგვისტოს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ თალიბანმა თავისი მაღალი რანგის ლიდერები, ძირითადად პუშტუნი სასულიერო პირები დანიშნა მთავრობის მაღალ თანამდებობებზე.

თალიბი მეომრები ბაგრამის სამხედრო ბაზაზე.
თალიბი მეომრები ბაგრამის სამხედრო ბაზაზე.

თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ კაბინეტში მხოლოდ რამდენიმე წევრია ტაჯიკური, უზბეკური და ჰაზართა უმცირესობებიდან. თვალში საცემია, რომ მასში არ არიან ქალები, არამუსლიმი უმცირესობები ან მცირე ეთნიკური ჯგუფების - ბელუჯების, ნურისტანებისა და თურქმენების წარმომადგენლები.

ასევე ნაკლებად არიან მთავრობაში წარმოდგენილი ავღანეთის სხვა პოლიტიკური ჯგუფები. არადა, თალიბანი პირობას დებდა, რომ „ინკლუზიურ“ მთავრობას ჩამოაყალიბებდა.

მადანი აცხადებს, რომ მის სკოლას ამჟამად არა აქვს კავშირი თალიბანთან, ვინაიდან დაჯგუფების არცერთ ლიდერს არ მიუღია განათლება მის სასულიერო სემინარიაში.

მაგრამ, მისი თქმით, თალიბანს ისტორიული კავშირები აქვს მოძრაობა დეობანდთან, რომლის ლიდერები ანტიბრიტანული პოზიციით გამოირჩეოდნენ და ინდოეთის დევნილებაში მყოფი მთავრობა ჩამოაყალიბეს XX საუკუნის მეორე ათწლეულში.

მათი მიზანი იყო შეიარაღებული ბრძოლის გზით ბრიტანეთის განთავისუფლება ოსმალეთის იმპერიასთან, დურანის ამირასთან და პუშტუნ ტომებთან თანამშრომლობით.

მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა შეთქმულების შესახებ გაიგეს 1916 წელს, მადანის მამა, მაულანა მიედ ჰუსაინ აჰმად მადანი დააპატიმრეს და ის სასჯელს მალტაზე იხდიდა თავის მასწავლებელთან, დეობანდის უზენაეს სასულიერო პირთან, მაულანა მეჰმუდ ჰასანთან ერთად.

მოგვიანებით უფროსი მადანი მაჰათმა განდის მოკავშირე გახდა და წინ აღუდგა პაკისტანის შექმნას. მისი თქმით, არ შეიძლებოდა ერი სახელმწიფოების შექმნა რელიგიურ ნიადაგზე.

დეობანდების სუნიტური სექტის წევრები ინდოეთის დევნილი მთავრობის გარშემო მყოფთა შთამომავლები არიან.

დღევანდელ ისლამში დეობანდებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ პაკისტანსა და ავღანეთში.

მაგრამ პაკისტანელი დეობანდებისგან განსხვავებით, სადაც დეობანდი სასულიერო პირების მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიები მშვიდობიან პოლიტიკურ პროცესში არიან ჩართული, ავღანელმა თალიბებმა უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ორჯერ ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება შეიარაღებული გზით.

პაკისტანელ სუნიტებს, რომლებიც საკუთარ თავს დეობანდებს უწოდებენ, მცირე კონტაქტები აქვთ დეობანდის თავდაპირველ სკოლასთან ინდოეთში.

მიუხედავად ამისა, მათ სკოლებში დეობანდის პროგრამა ისწავლება. ამ პროგრამის ყურადღების ცენტრშია იურისპრუდენცია, ყურანის ინტერპრეტაცია, თეოლოგია, ფილოსოფია და წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრება და გამონათქვამები.

მკაცრი სუნიტური სექტა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისლამური პრაქტიკის განწმენდაზე არაკანონიკური მინარევებისგან.

თალიბანის თითქმის ყველა ლიდერი და რიგითი მეომარი პაკისტანში ამ სასულიერო სასწავლებლებში სწავლობდა.

თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედ მთავრობაში ბევრი წამყვანი პოზიცია უკავიათ ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში მდებარე ჰაყანიის სკოლიდან გამოსულებს. პაკისტანში დეობანდის ზოგიერთი მედრესე დაფინანსებას იღებდა საუდის არაბეთიდან. რიადი ავღანელი მუჯაჰედების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაციის პერიოდში 1980-იან წლებში.

მოსწავლეები ისლამურ სასულიერო სასწავლებელ დარულ ულომ ჰაყანიაში.
მოსწავლეები ისლამურ სასულიერო სასწავლებელ დარულ ულომ ჰაყანიაში.

მადანის თქმით, ის პრობლემას ვერ ხედავს თალიბანის კლერიკალურ მთავრობაში.

„არაფერია ცუდი იმაში, რომ მთავრობა შედგება მხოლოდ სასულიერო პირებისგან, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყანა მშვიდობიან გარემოდ გარდაქმნან თანამედროვე მსოფლიოში,“ უთხრა მადანიმ რადიო თავისუფლებას. „თუკი მუსლიმმა სწავლულებმა იციან ისლამის სწავლება ადამიანის შესახებ და შეუძლიათ ყველას დისკრიმინაციის გარეშე მოეპყრონ მათი რწმენის მიუხედავად, მაშინ ეს კარგი საქმეა.“

მადანის თქმით, ის მხარს უჭერს თალიბანის მცდელობას, დაყოს ქალები და მამაკაცები.

„ისინი ხალხისგან მოითხოვენ ჰიჯაბის ისლამური წესების დაცვას,“ ამბობს მადანი. საქმე ეხება თავსაბურავს, რომელიც ნაწილია ისლამური კონცეფციისა, რომ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ერთმანეთში არ უნდა იყვნენ არეული, თუკი ისინი ნათესავები არ არიან.

„ალაჰმა ქალის სხეული მამაკაცის სხეულისგან განსხვავებულად შექმნა,“ ამბობს ინდოელი სწავლული. „ისინი ისე უნდა იყვნენ ჩაცმული, რომ არ გაჩნდეს ფიტნა,“ ანუ ცთუნება.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბანის მისამართით სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკა გაისმის როგორც უცხოეთიდან, ისე შიდა ოპოზიციის მხრიდან.

პროტესტს გამოთქვამენ ავღანელი ქალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თალიბანის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და შიშობენ, რომ დაკარგავენ სამსახურს, განათლებას, მობილურობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

როცა თალიბანი 1990-იან წლებში ხელისუფლებაში მოვიდა, მან ქალებს განათლება და მუშაობა აუკრძალა. მათ საკუთარი სახლებიდან გასვლის უფლებაც კი არ ჰქონდათ ნათესავი მამაკაცის თანხლების გარეშე.

ავღანელი ქალების შეშფოთება კიდევ უფრო გაღრმავდა გასულ კვირაში, როცა თალიბანმა გადადო გოგონებისთვის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა. ვაჟებს კი კვლავ მიეცათ უფლება, დაბრუნებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ქალთა საპროტესტო გამოსვლა ქაბულში. 3 სექტემბერი.
ქალთა საპროტესტო გამოსვლა ქაბულში. 3 სექტემბერი.

მადანის მოჰყავს ინდოეთის მაგალითი, სადაც მრავალ უნივერსიტეტსა და ათასობით კოლეჯში მხოლოდ ქალები სწავლობენ.

„თუკი ეს ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ხდებოდეს, ავღანეთის მთავრობას რატომ არ შეიძლება, რომ იმავეს გაკეთება სურდეს?.. თუკი ავღანეთის მთავრობა მოახერხებს [დაყოფილი განათლების] განხორციელებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გოგონებისთვის განათლების კარი ღია იქნება,“ თქვა მან.

მადანიმ თალიბანს მოუწოდა, მშვიდობიანი და სასარგებლო კონტაქტები იქონიოს მსოფლიოსთან.

მაგრამ მადანის არა აქვს თალიბანის ლიდერების მიღების დიდი სურვილი. მისი თქმით, დეობანდის სკოლა ავღანელ სტუდენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ისინი სტუდენტურ ვიზებს მიიღებენ ინდოეთის მთავრობისგან.

ის ასევე არ ჩქარობს თალიბანისთვის რჩევების მიცემას:

„82 წლის ვარ. მეჩეთში სიარულიც კი არ შემიძლია. როგორ ჩავიდე ავღანეთში?“

XS
SM
MD
LG