"რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება. რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს გოლეთიანი ამბობს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ხელს არ აძლევს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ.
"ხელისუფლებაში მყოფი მთელი წყება ჩინოვნიკების არის დაინტერესებული ამ პროცესით ფინანსურად. ეს პირდაპირ ურტყამთ მათ. ის რომ „ენკა“ გავა, პირდაპირ დაარტყამს კორუფციაში ჩართულ პირებს... თუ კომპანია დარჩებოდა რიონის ხეობაში, გაცილებით დიდი იქნებოდა ზარალი, ვიდრე გასვლის შემთხვევაში. გასვლის შემთხვევაშიც იზარალებს სახელმწიფო, რადგან კომპანია ყველა შემთხვევაში მოგებული რჩებოდა", - განაცხადა გოლეთიანმა.
"რიონის ხეობის მცველი" ამბობს, რომ კომპანია საქართველოდან გასასვლელად ემზადებოდა:
"იმედია, მართალია... ამას გარკვეული წინაპირობები ჰქონდა, მაგრამ ჩვენ არ ველოდებოდით, პირიქით, არჩევნების შემდეგ ველოდით, რომ დაიძაბებოდა ვითარება და მოგვიწევდა იგივე გზით წასვლა - ვგულისხმობ პროტესტს... ყოველდღე მოდიოდა „ენკა“ და ჩვენ რომ არ ვუშვებდით, ამას იღებდა დრონით და ვვარაუდობდით, რომ ემზადებოდა საარბიტრაჟო დავისთვის და მტკიცებულებებს აგროვებდა - რომ არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა".
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი.
Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი გახდა.