18 სექტემბერს ავღანეთის ახალმა მმართველებმა, თალიბანის წევრებმა მხოლოდ ბიჭ მოსწავლეებს და კაც მასწავლებლებს უბრძანეს სკოლებში დაბრუნება, და ავღანელი გოგონები სწავლის დაწყების პროცესიდან გამოთიშული დატოვეს.
მას შემდეგ, რაც გასულ თვეში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო, ისლამისტური ჯგუფი, თალიბანი პირობას დებდა, რომ ამჯერად ქვეყანას არ მართავდა ისე მკაცრად, როგორც წინა მმართველობისას, 1996-2001 წლებში, როცა გოგონებს სკოლაში სიარული აკრძალული ჰქონდათ და ქალებს არ შეეძლოთ მუშაობა და განათლების მიღება.
მაგრამ მხოლოდ კაცებისგან შემდგარი, თალიბანის მთავრობის ახალი ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ქალთა უფლებებს - განათლების სამინისტრომ 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოაცხადა, რომ საშუალო სკოლები, მაღალი კლასები და ბიჭების რელიგიური სკოლები შემდეგ დღეს გაიხსნებოდა, და არ უხსენებია გოგო მოსწავლეები ან ქალი მასწავლებლები. ბრძანება ეხება ბიჭებს და თინეიჯერებს მეექვსე კლასიდან ზემოთ და მათ მასწავლებლებს.
დაწყებითმა კლასებმა ავღანეთში უკვე განაახლეს მუშაობა, ამ კლასებში ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე დადიან და რამდენიმე ქალ მასწავლებელს მიეცა სამსახურში დაბრუნების საშუალება.
გავრცელებულ განცხადებაში გაეროს ბავშვთა სააგენტო UNICEF-ი მიესალმება ავღანეთში საშუალო სკოლების გახსნას, მას შემდეგ, რაც ისინი კორონავირუსის პანდემიის გამო თვეების განმავლობაში დახურული რჩებოდა. მაგრამ სააგენტო "ღრმა შეშფოთებას" გამოხატავს ავღანეთში გოგონათა განათლების საკითხის მიმართ. "ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლის გაგრძელება დაუყოვნებლივ შეძლოს ყველა გოგომ, მათ შორის უფროსი ასაკის გოგონებმა. საამისოდ, საჭიროა მუშაობა განაახლონ ქალმა მასწავლებლებმა", - აცხადებს გაეროს ბავშვთა სააგენტო.