Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დისტანციურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი


დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. ეპიდსიტუაციის ბოლოდროინდელი გაუარესების გამო, სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა, განაცხადა, რომ სასწავლო წლის დისტანციურ ფორმატში დაწყება დროებითია:

„4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას“.

ჩხენკელის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დასაცავად. განათლების მინისტრი ამბობს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედაგოგების და მოსწავლეთა მშობლების აცრას: „ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში“.

განათლების სამინსტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც ისარგებლებენ შეღავათიანი მობილური ინტერნეტ-პაკეტით. საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ-პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ფასზე 2,5-ჯერ ნაკლებია. დღეიდან განახლდა განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი „ტელესკოლაც“.

დღეიდან სწავლა არ დაწყებულა მხოლოდ პირველკლასელებისთვის. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ პირველი სასკოლო გამოცდილება ბუნებრივ გარემოში, კლასებში უნდა მიიღონ, ამიტომ, 4 ოქტომბერს სწავლას დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.

საქართველოში დისტანციურად მიმდინარეობდა 2019-2020 სასწავლო წელიც. დასწრებული სწავლება ეტაპობრივად აღდგა 2020 წლის ოქტომბრიდან.

XS
SM
MD
LG