შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავა. ინფორმაცია უწყების თანამშრომელმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავეს.
"აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკის გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება დაწუებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამ მუხლით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.