Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე“ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩამოვა საქართველოში.

როგორც ის ამბობს, გამოაცხადებს ყველა კონკრეტული გადაადგილების, თარიღის, მარშრუტისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას. მისი თქმით, ამას გააკეთებს სრულიად გახსნილად და შეგნებულად.

„ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება. მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველა უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეს. ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები. ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, ჩავიდეთ საქართველოში“, - თქვა მან.

ამავე დროს, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ არანაირი რევანში არ იქნება. „მინდა დავასრულო ერთი და იგივე წრეზე ამ რევანშით და უბედურებით სიარული, მაგრამ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს. ის აუნაზღაურებს თითოეულ ქართველს იმ ზარალს, რომელიც მიაყენა“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

ყოფილმა პრეზიდენტმა ჩამოთვალა მოქალაქეთა კატეგორია, რომლებისთვისაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ზარალის ანაზღაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ესენი არიან შვილები, რომელთა „დედები და მამები გაუქცია უცხოეთში“ ივანიშვილმა, გლეხები, რომლებიც ვერ ასაღებდნენ პროდუქციას, მეანაბრეები და ის ხალხი, ვინც აიღო კრედიტი და ვერ აბრუნებს, რადგან სამსახურები დაკარგეს. გარდა ამისა, სააკაშვილი ლაპარაკობს ზარალის ანაზღაურებაზე იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებიც მთავრობის არასწორი მოქმედების გამო გარდაიცვალნენ კორონავირუსით.

სააკაშვილის განცხადებით, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

XS
SM
MD
LG