Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: „გაიხსნას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტი“


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რომელიც 2019 წლის 5 სექტმებრს ჩაკეტა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

XS
SM
MD
LG